Aa
Aa

დელ პიერო: „დიბალა სრულყოფილი ფეხბურთელი გახდა"

„იუვენტუსის“ ყოფილმა მოთამაშემ, ალესანდრო დელ პიერომ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა იტალიელმა ინტერვიუ Sky Sport Italia-ს მისცა და განაცხადა, რომ „ლა ხოია“ სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

„დიბალამ იუვენტუსს რამდენჯერმე უკვე უკაპიტნა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იუვეში პაულოს კაპიტნის სამკლაურის ტარების ღირსად თვლიან.

პირადად მე, მიმაჩნია, რომ მან დიდი პროგრესი განიცადა და იუვენტუსში დაღვინდა. ამას ზაფხულში განვითარებულ მოვლენებზე მისი რეაქციაც მოწმობს. დიბალას თავდაუზოგავად შრომა ძალიან უყვარს და ვთვლი, რომ პაულო სრულყოფილ მოთამაშედ იქცა“.

დელ პიერომ საკუთარი კარიერის შესახებაც ისაუბრა და „ბებერი ქალბატონის“ რიგებში გატარებული წლები გაიხსენა:

„იუვენტუსს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. ბიანკონერის მაისურით ყველა ტიტული მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა - მათ შორის სერია B-ც.

ატალანტას წინააღმდეგ გამართული ბოლო მატჩი კულმინაციად იქცა. სიტყვებით ვერასდროს აღვწერ იმას, რაც მაშინ თანაგუნდელებისგან და გულშემატკივრებისგან ვიგრძენი.

ჩემი იუვენტუსისადმი სიყვარული უნიკალურია და არასდროს დასრულდება“.

შეგახსენებთ, რომ დელ პიერო ტურინული გრანდის ღირსებას 1993-დან 2012 წლამდე იცავდა. „ბიანკონერის“ დატოვების შემდეგ კი, ავსტრალიას მიაშურა და ორი წლის განმავლობაში „სიდნეის“ რიგებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები