Aa
Aa

სუარესი: „ხელფასის შემცირებაზე უარი ბარსას არცერთ ფეხბურთელს უთქვამს"

„ბარსელონას“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს მის თანაგუნდელებს ხელფასის შემცირება არ სურდათ, სიცრუეა. „ელ პისტოლეროს“ თქმით, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები პირველები იყვნენ, ვინც ამ ინიციატივით გამოვიდნენ.

„ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით, ბევრი უარყოფითი და საწყენი რამ ითქვა. ხალხი ამბობდა, რომ ფეხბურთელები ხელფასების შემცირებაზე უარს აცხადებდნენ. რეალობა კი, ისაა, რომ ჩვენ კლუბისთვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევას ველოდებოდით. ძალიან საწყენია ასეთი განცხადებები რომ გაკეთდა, რადგან ზუსტად ვიცოდით კლუბი რა მდგომარეობაში იმყოფებოდა და პრაქტიკულად პირველები ვიყავით, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა სურდა.

ხელფასების შემცირებაზე უარი ბარსას არცერთ ფეხბურთელს უთქვამს და კლუბსა და მოთამაშეებს შორის ორმხრივი შეთანხმება შედგა. პრეზიდენტს გუნდის კაპიტნები ესაუბრნენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უარი არავის უთქვამს“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ხელფასის 70 პროცენტით შემცირებაზე განაცხადეს თანხმობა. რამდენიმე საათის წინ, „ბლაუგრანას“ „ატლეტიკომ“ მიბაძა. „როხიბლანკოს“ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ხელშეკრულება გააფორმეს და თავიანთი ანაზღაურების 70 პროცენტი კლუბში მომუშავე 430 ადამიანის დასახმარებლად გაიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები