''ლა ლიგა ივლისში უმაყურებლოდ განახლდება'' - ესპანეთში გეგმა წარმოადგინეს
Aa
Aa

''ლა ლიგა ივლისში უმაყურებლოდ განახლდება'' - ესპანეთში გეგმა წარმოადგინეს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, შესაძლოა, ივლისში განახლდეს, თუმცა მატჩებს ქომაგები არ დაესწრებიან. ამ თემაზე ლა ლიგის სატელევიზიო პარტნიორის, კომპანია ''მედიაპროს'' აღმასრულებელმა დირექტორმა ხაუმე როურესმა ისაუბრა.

''იმედი მაქვს ფეხბურთი ივლისში დაბრუნდება. ივლისს ვამბობ იმიტომ, რომ გარდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისა, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა გარანტირებული უნდა იყოს. ფეხბურთი დაბრუნდება ქომაგთა გარეშე, მაგრამ ოფიციალური მატჩების ჩატარებამდე გუნდებმა მოსამზადებელი ეტაპი უნდა გაიარონ. ფეხბურთელები ახლა სახლში არიან და როცა დაბრუნდებიან, მათ არ შეეძლებათ ითამაშონ ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა.''

''მედიაპრო'' კატალონიური კომპანიაა და ''ბარსელონას'' მატჩების ტრანსლირებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, აღნიშნული კომპანიის მფლობელობაშია ონლაინგამოცემა Público.

ხაუმე როურესის თქმით, თუ ჩემპიონატი ივლისში განახლდება და შემდეგ ერთ ფეხბურთელს მაინც კორონავირუსი დაუდგინდება, სეზონი ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს.

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებით, ვიდრე გუნდები ოფიციალურ მატჩებს ჩაატარებენ, მომზადებისთვის 15 დღე საკმარისია.

მან წარმოადგინა მოედანზე დაბრუნების ოთხი ეტაპი: მზადება სავარჯიშო პროცესის დასაწყებად, ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალური ვარჯიში, გუნდში მყოფი 24 ფეხბურთელი სამ რვაფეხბურთელიან ჯგუფად იყოფა და თითოეული ჯგუფი ცალკე ვარჯიშობს და მეოთხე ეტაპი მთელი გუნდის ერთობლივ ვარჯიშს გულისხმობს, როცა მოთამაშეები ერთმანეთის მიმართ დისტანციას აღარ იცავენ.

სეზონის განახლებამდე 72 საათით ადრე ლა ლიგის ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები