აბურჯანია წასვლას არ აპირებს: ჰოლანდიის ჩემპიონატი ივნისში განახლდება
Aa
Aa

აბურჯანია წასვლას არ აპირებს: ჰოლანდიის ჩემპიონატი ივნისში განახლდება

ბერძნული მედიის ცნობით ''პანათინაიკოსი'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით, გიორგი აბურჯანიათი დაინტერესდა. CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელი მოლაპარაკების გამართვას არ გეგმავს, ენსხედეს ''ტვენტეში'' თავს კარგად გრძნობს და კლუბიდან წასვლას გამორიცხავს.

გასულ ზამთარში ''პანათინაიკოსს'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი პაპუნაშვილის დამატება სურდა, თუმცა მოთამაშემ ბერძნულ კლუბს უარით უპასუხა და იჯარით სანტანდერის ''რასინგში'' გადავიდა. ანალოგიურად, ცნობილ ბერძნულ გუნდში კარიერის გაგრძელებას აბურჯანიაც არ აპირებს.

2019 წლის ზაფხულში ''სევილიამ'' ორწლიანი იჯარით ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბში გაუშვა. 25 წლის ნახევარმცველს სეზონის პირველ ნახევარში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა ზამთარში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა, რაც ''ალკმაართან'' გატანილმა ბრწყინვალე გოლმაც განაპირობა. მას ჰოლანდიურ კლუბთან იჯარის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება და ამ დრომდე კლუბში დარჩენას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 16-დან 5 მატჩში სასტარტოში მოხვდა, დანარჩენ შეხვედრებში კი მეორე ტაიმში ერთვებოდა თამაშში.

ისევე როგორც თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ჰოლანდიის ჩემპიონატიც პანდემიის გამო შეჩერებულია. ჰოლანდიაში აპრილის ბოლომდე კარანტინია. ამ ეტაპზე არსებული ინფომაციის მიხედვით ჩემპიონატის განახლება ივნისში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები