Aa
Aa

რონალდინიო, პოგბა, მესი და სხვები - პარაგვაელ ფეხბურთელს 1000-ზე მეტი მაისური მოჰპარეს

პარაგვაელ ფეხბურთელს, ედგარ ბენიტესს საფეხბურთო მაისურების უძვირფასესი კოლექცია მოჰპარეს. 32 ნახევარმცველის სახლში, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა მძარცველები შევიდნენ და 1000-ზე მეტი მაისური წაიღეს.

ბენიტესმა მომხდარის შესახებ საზოგადოებას თავად ამცნო და განაცხადა: „მომპარეს მაისურები, რომლებსაც მთელი ჩემი საფეხბურთო ცხოვრების განმავლობაში ვაგროვებდი, რაც 15 წელზე მეტს მოიცავს. პოლიციამ 65 მაისურის დაბრუნება მოახერხა და ორი ადამიანი დააპატიმრა. ერთი მათგანი მძარცველია, მეორე კი - უბრალოდ მაისურებს ყიდდა. დღევანდელი მონაცემებით, კიდევ 900-ზე მეტი მაისური დაკარგულად ითვლება“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენიტესის კოლექციაში იყო მაისურები, რომლებიც მან მატჩების შემდეგ, ლიონენ მესისგან, პოლ პოგბასგან, რონალდინიოსგან და სხვა სუპერვარსკვლავებისგან მიიღო.

როგორც ირკვევა დაკავებულთაგან ერთ-ერთი, იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ბენიტესის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივი პრესა კი, იტყობინება, რომ მაისურებს სოციალურ ქსელში 30 ფუნტ სტერლინგად ყიდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები