სრული დამოუკიდებლობა და ყველაფერი ნულიდან - ჩავი ბარსელონაში დასაბრუნებლად მზადაა!
Aa
Aa

სრული დამოუკიდებლობა და ყველაფერი ნულიდან - ჩავი ბარსელონაში დასაბრუნებლად მზადაა!

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა და ამჯერად „ალ საადის“ მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა La Vanguardia-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ „ბლაუგრანაში“ დაბრუნება სურს და ამისთვის მზად არის, თუმცა ეს მხოლოდ მისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ.

„ჩემთვის ყველაფერი ნათელია, მე „ბარსელონაში“ დაბრუნება მინდა. თავს ძალიან ენერგიულად ვგრძნობ. ახლა, როდესაც ჩემი თავი საწვრთნელ პროცესში ვნახე, ვფიქრობ მოთამაშეებისთვის რაღაცების გადაცემა და სწავლება შემიძლია.

მე მათ გასაგებად ავუხსენი, რომ ჩემს თავს ვხედავ მხოლოდ ახალ პროექტში, სადაც ყველაფერს ნულიდან დავიწყებთ და გადაწყვეტილებებს მივიღებ მე.

დიახ, არაფერს ვმალავ და უარვყოფ, მე „ბარსას“ ზამთარში უარი ვუთხარი, რადგან მუშაობა მსურს ადამიანებთან, რომლებთანაც ნდობა და ერთგულება მაკავშირებს. გასახდელში არ შეიძლება იყოს ვინმე ისეთი, ვინც სიტუაციას არევს.

"ბარსას" შემადგენლობა ჩემთვის არაჩვეულებრივია. ტერ შტეგენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ჟორდი ალბა საუკეთესო მარცხენა მცველია, პიკე საუკეთესო ცენტრალური მცველი, ბუსკეცი საუკეთესო საყრდენი, მესი საუკეთესო ფეხბურთელი. ამ ყველაფერს დავუმატოთ სუარესი, დე იონგი და არტური - ისინი ჩემთვის არიან ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდთან ერთად გამარჯვებები 10 წლის მანძილზე უნდა მოიპოვონ.

გუნდს კარგი ფუნდამენტი აქვს, მოედნის ცენტრში პრობლემები არ არის, თუმცა ფლანგებზე ისეთი ეფექტურები ვერ არიან როგორც, მაგალითად "ბაიერნი". 

სოციალური პრობლემების გათვალისწინებით, არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ნეიმარის ტრანსფერი, თუმცა მისი დაბრუნება უდაოდ შესანიშნავი იქნება.
ჩემი აზრით, „ბარსას“ ბევრი ახალი მოთამაშე არ სჭირდება, შესაძლოა სანჩო და გნაბრი“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ რონალდ კუმანის ვარიანტი დაკარგა. ჰოლანდიელი ნაკრების დატოვებას არ აპირებს და 1 წლით გადადებულ ევროპის ჩემპიონატზე „ნარინჯისფრებს“ უხელმძღვანელებს. დარჩა მხოლოდ ჩავის კანდიდატურა, ან გუნდში კიკე სეტიენი უნდა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები