''მუსიკითა და სერიალებით ვერთობი, გარეთ მძიმე ვითარებაა'' - ლობჟანიძე ანკარას მდგომარეობაზე
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  15:55

''მუსიკითა და სერიალებით ვერთობი, გარეთ მძიმე ვითარებაა'' - ლობჟანიძე ანკარას მდგომარეობაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული ''ანკარას'' ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე, რომელიც თურქულ კლუბში გასულ ზამთარში დანიური ''რანდერსიდან'' გადავიდა, პანდემიის გამო ანკარაში შექმნილ ვითარებაზე CrystalSport-ს ესაუბრა.

''8 დღეა გუნდის სავარჯიშო პროცესები შეწყდა, თვითიზოლაციაში ვარ, ამ ეტაპზე არ ვიცი, როდის განვაახლებთ ვარჯიშს. ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას სახლში ვცდილობ. 

ზოგადად, მთელ მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, ასევა ანკარაში, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, ეს აუცილებელია. ანკარაში ქუჩები დაცარიელდა, მაგრამ ზოგჯერ ხალხი სასეირნოდ მაინც გადის.

თითქმის სულ სახლში ვარ. სხვათა შორის, თუ მოინდომებ შეგიძლია, სახლშიც ისე დაიღალო, როგორც გარეთ ფიზიკური აქტივობებისას.

ჩემი დღე მსუბუქი ვარჯიშით იწყება, შემდეგ შხაპს ვიღებ და ყავას ვსვამ. ვუყურებ სერიალებსა და ფილმებს. რამდენიმე სერიალს ვუყურებ, მაგრამ რეკომენდაციას ვუწევ See-ს. ყველას ვურჩევ თვითიზოლაციის დროს ამ სერიალს ჩაუჯდნენ. დღის განმავლობაში შიგადაშიგ Instagram-ს ვსქროლავ და ასევე ვეცნობი მსოფლიოში როგორი ვითარებაა პანდემიასთან დაკავშირებით.

ვუსმენ მუსიკას, რამდენიმე ახალი ''ტრეკიც'' აღმოვაჩინე, ძალიან მომეწონა Robosonic, Ferreck Dawn-ის Old Dollars-ი და Guava-ს Tunnelvisions-ი.''

2019-20 წლების სეზონის პირველ ნახევარში საბა ლობჟანიძემ ''რანდერსის'' რიგებში სუპერლიგის 15 მატჩში 8 გოლი შეაგდო, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და ბომბარდირობისთვის ბრძოლის ამბიციაც გაუჩნდა, თუმცა ზამთარში კარიერა თურქეთის სუპერლიგის ''ანკარაში'' გააგრძელა.

სეზონის მეორე ნახევარში 25 წლის ფეხბურთელმა თურქეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა - "ფენერბაჰჩეს" კარი აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები