მარადონა, ქინქლაძე, დროგბა - ბრიტანული გამოცემა ''შეფილდის'' ჩაშლილ მეგა ტრანსფერებზე წერს
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  13:07

მარადონა, ქინქლაძე, დროგბა - ბრიტანული გამოცემა ''შეფილდის'' ჩაშლილ მეგა ტრანსფერებზე წერს

ბრიტანული გამოცემა Examiner-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებსაც ''შეფილდ იუნაიტედის'' ისტორიის შეცვლა შეეძლოთ. მათ შორის ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა და გიორგი ქინქლაძეც ფიგურირებენ. მარადონა ინგლისურ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოს 70-იანი წლების მიწურულს იყო, როცა ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშობდა.

დიეგოს ინგლისურ კლუბში ჩაშლილი ტრანსფერი შედარებით ცნობილია სხვა ჩაშლილ ტრანსფერებთან შედარებით. ფეხბურთის ქომაგებისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ 1999 წელს ''ნისლიან ალბიონზე'' ქართველი გენიოსის დაბრუნება ''შეფილდ იუნაიტედის'' მთავარ მწვრთნელს, ადრიან ჰიტს სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სურვილი არ განხორციელდა, წარუმატებელი ჰოლანდიური კარიერის შემდეგ ქინქლაძე პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და ''დერბი ქაუნთის'' რიგებში ჩაირიცხა.

''დერბი ქაუნთის'' რიგებში ''ქინქის'' საგოლე გადაცემა ''მანჩესტერ იუნაიტედთან''

რაც შეეხება ადრიან ჰიტს, ის ხუთ თვეში გაუშვეს და ''შეფილდ იუნაიტედში'' მისი მოღვაწეობა წარუმატებელი გამოვიდა, თუმცა, შესაძლოა, ქინქლაძესთან ერთად გუნდში უფრო დიდი ხნით და უფრო წარმატებით ემუშავა.

გიორგი ქინქლაძისა და დიეგო მარადონას გარდა, ''შეფილდ იუნაიტედი'' სხვადასხვა დროს პოლ გასკოინისა და დიდიე დროგბას ტრანსფერზეც მუშაობდა. ნილ უორნოკი დროგბას ინგლისში მაშინ იწვევდა, როცა აფრიკელი ფრანგული ლიგა 2-ის ''ლე მანში'' თამაშობდა, თუმცა ფრანგების მიერ შეთავაზებულ წინადადებას ''შეფილდის'' ხელმძღვანელებმა უარით უპასუხეს. შემდგომში უორნოკმა განაცხადა, რომ ''შეფილდს'' ფრანგული კლუბის მიერ შეთავაზებული სატრანსფერო თანხა, 100 000 ფუნტი სტერლინგი არ ჰქონდა.

ევრო 1996-ის დასრულების შემდეგ სატრანსფერო ფანჯრისას ''შეფილდ იუნაიტედის'' ნომერ პირველი სამიზნე პოლ გასკოინი იყო, თუმცა ინგლისელმა გლაზგოს ''რეინჯერსში'' დარჩენა გადაწყვიტა. 1998 წელს ''გაზა'' ''ნისლიან ალბიონზე'' დაბრუნდა, თუმცა ეს გუნდი ''შეფილდი'' არ იყო, მან კარიერა ''მიდლსბროს'' დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები