Aa
Aa
27 მარტი 2020  |  11:04

ნევილის აღიარება: "ვალენსიაში ყოფნისას სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია არ მქონდა"

გარი ნევილმა მისი „ვალენსიაში“ მწვრთნელობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს სუსტი და თანამდებობისთვის არასათანადოდ კვალიფიციური იყო. 45 წლის სპეციალისტი განმარტავს იმ მიზეზებსა და გარემოებებს, თუ რატომ გამოდგა ცალსახად წარუმატებელი მისი ვალენსიური კარიერა.

„ვალენსიაში“ მისვლამდე პრემიერ ლიგისა და ჩემპიონშიფის კლუბების წინადადებები დავბლოკე, რადგან მწვრთნელობა არ მსურდა. თუმცა, იმ დროს როი ჰოჯსონთან ერთად ინგლისის ნაკრებში ვმუშაობდი და უფრო მეტად ანალიტიკოსის როლი მქონდა - დაახლოებით იმავეს ვაკეთებდი, რასაც ახლა Sky-ში.

როცა ვალენსიელთა მფლობელმა პეტერ ლიმ დამირეკა, უარი ვუთხარი, მაგრამ ჩემი დაყოლიება მაინც მოახერხა. თუმცა, ახლანდელი გადმოსახედიდან, მაშინ სათანადო ცოდნა და განათლება არ მქონდა, სუსტი ვიყავი. გადაწყვეტილებებს ინსტინქტების მიხედვით ვიღებდი და მთავარი რამ, რაც იქ ვისწავლე ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მათში დარწმუნებული და თავდაჯერებული უნდა იყო. ჩემ შემთხვევაში კი ასე ნამდვილად არ იყო.

პირველად ეს ჩემმა ძმამ, ფილმა აღმოაჩინა და ჩემით უდიდესი იმედგაცრუება გამოხატა. ერთხელ, როცა კლუბი რთულ მდგომარეობაში იყო, მან მითხრა, რომ გასახდელში ერთსულოვნება არ სუფევდა და მე სწრაფი და სწორი სიტყვები უნდა მომენახა, რათა კრიზისი აღმოფხვრილიყო. იმ მომენტში გუნდს გამოცდილი მენეჯერი სჭირდებოდა - მნიშვნელოვანიც სწორედ ესაა, მე გამოუცდელი ვიყავი და სამწვრთნელო შტაბშიც ასეთივე ადამიანები მყავდა“.

გარი ნევილი „ვალენსიას“ სათავეში 2015 წლის 2 დეკემბერს ჩაუდგა, თუმცა არასასურველი შედეგების გამო იგი პოსტიდან მომდევნო წლის 30 მარტს დაითხოვეს. იგი მას შემდეგ Sky Sports-ის საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები