Aa
Aa
27 მარტი 2020  |  09:25

დე ხეას „ფარული" ქველმოქმედება - 270 000 ფუნტი კორონავირუსთან საბრძოლველად

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელი გოლკიპერი, დავიდ დე ხეა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო და ქველმოქმედებისთვის 270 000 ფუნტი სტერლინგი გაიღო.

დე ხეამ თანხა მადრიდის ხელისუფლებას გადაურიცხა და საკუთარი გადაწყვეტილების გასაჯაროვება არ სურდა, თუმცა საზოგადოებამ 29 წლის მეკარის სამაგალითო ჟესტის შესახებ მაინც შეიტყო.

მადრიდის ავტონომიური გაერთიანების პრეზიდენტმა, იზაბელ დიას აიუსომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა: „დავიდ დე ხეა, დიდი მადლობა! დახმარება, რომელიც შენ მადრიდის ავტონომიურ გაერთიანებას გაუწიე, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ როლს ითამაშებს. შენი მადლობელები ვართ და შენით ვამაყობთ“.

ესპანური პრესის ინფორმაციით, დე ხეას მიერ გამოყოფილი თანხა სამედიცინო ინვენტარის შეძენას მოხმარდება, რომელსაც იმ ოჯახებს გადასცემენ, რომლებიც კორონავირუსის გამო, განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ.

დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 57786 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 4365-ს აღწევს, COVID-19-ის დამარცხება კი, 7015-მა ადამიანმა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები