Aa
Aa
27 მარტი 2020  |  09:23

რივალდო: „ინგლისთან რონალდინიოს ჯარიმა შემთხვევითობა არ ყოფილა"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ 2002 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩი გაიხსენა. „სელესაოს“ ლეგენდა BETFAIR-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ რონალდინიოს მიერ გატანილი ჯარიმა შემთხვევითობა არ ყოფილა.

„2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩი, რომელიც 2-1 მოვიგეთ, ძალიან კარგად მახსოვს. იმ შეხვედრაში რონალდინიომ ფანტასტიკურად იასპარეზა. პირველი გოლის ეპიზოდში მან შესანიშნავი სოლორეიდი განახორციელა და საგოლე გადაცემა გამიკეთა. ეს გოლი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გავათანაბრეთ.

მეორე ნახევარში რონალდინიომ ის ცნობილი გოლი გაიტანა, რომელმაც მე, დევიდ სიმენი და მთელი მსოფლიო გააოცა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დარტყმის განხორციელებას გადაწყვეტდა, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა სვლამ გაამართლა. მატჩის შემდეგ, რონიმ მითხრა, რომ იცოდა სიმენი სტანდარტულებისას კარის ხაზიდან ერთი ან ორი ნაბიჯით წინ რომ გამოდიოდა და მისი გაოცება სცადა.

ასეთი რთული პოზიციიდან, თანაც მარჯვება ფეხით, გოლის გატანა იოლი ნამდვილად არაა, თუმცა რონალდინიოსთვის შეუძლებელი არაფერი იყო. მისი თამაშის ხილვა და მის მხარდამხარ ასპარეზობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისთან მატჩში რონალდინიომ წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ „სელესაომ“ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და რამდენიმე დღის შემდეგ, სანუკვარი თასიც აღმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები