Aa
Aa

"პრიორიტეტი სეზონის ჩამთავრებაა" - ესპანეთში ჩემპიონატის გაუქმებას არ განიხილავენ

ესპანეთში 2019-20 წლების სეზონის გაუქმებას ჯერჯერობით არ განიხილავენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლუის რუბიალესის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სეზონის დარჩენილი მატჩები სრულად ჩატარდეს და ცხრილმა საბოლოო სახე მიიღოს.

„ჩვენთვის პრიორიტეტი სეზონის დამთავრებაა. როცა ვითარება დალაგდება, მიმდინარე ჩემპიონატების დასრულების საშუალებაც მოგვეცემა. ასობით გუნდია, რომელიც ამას ელოდება, ჩვენ კი მათ ამჟამინდელი ცხრილის მიხედვით ვერ დავაქვეითებთ ან დავაწინაურებთ - ყველაფერი სამართლიანად უნდა გაკეთდეს.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ მგონია, მაისის დასაწყისიდან სეზონის გაგრძელება შევძლოთ, თუმცა ჩვენი მიზანი ჩემპიონატების სრულად ჩამთავრებაა და ახლა მხოლოდ ამ იდეას განვიხილავთ.

მეორე მხრივ, ფედერაცია ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობს. ჩვენ ახლა ექსტრემალურ ვითარებაში ცხოვრება გვიწევს, უამრავი გარდაცვლილია. ამიტომაც, როცა საერთო მდგომარეობა და ადამიანთა ჯანმრთელობა უსაფრთხო იქნება და ქვეყანა ნორმალურ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, საფეხბურთო აქტივობებსაც ამის შემდეგ გავაგრძელებთ“.

სეზონის განახლებაზე აქცენტირებს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასიც, რომელიც ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ნათლად მიანიშნებს, რომ სეზონი აუცილებლად უნდა ჩამთავრდეს, რაშიც ევროპის ჩემპიონატის გადადებაც დაეხმარებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები