''ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, სახლიდან გასულს პოლიცია ამოწმებს” - არაბული ათენში არსებულ მდგომარეობაზე
Aa
Aa

''ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, სახლიდან გასულს პოლიცია ამოწმებს” - არაბული ათენში არსებულ მდგომარეობაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული ''პანიონიოსის'' ფორვარდი, ბაჩანა არაბული ათენში არსებული ვითარების შესახებ CrystalSport-ს ესაუბრა. 26 წლის ფეხბურთელის თქმით, საბერხნეთის დედაქალაქში სახლიდან გასვლა კონკრეტული საბუთის გარეშე აკრძალულია და ვითარება ყოველდღიურად მძიმდება.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, საბერძნეთში 695 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 29 გამოჯანმრთელდა, 19 გარდაიცვალა, ხოლო 15 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"უპირველესად იმას ვიტყვი, რომ ასეთი ცხოვრება ძალიან არ მომწონს. ალბათ, ასე ბევრი ფიქრობს, მაგრამ სხვა გზა არაა, ყველამ უნდა დავიცვათ წესები და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. ყველას ვურჩევ სახლში დარჩენას, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

ათენში ვითარება დამძიმდა, ახლა გარეთ კონკრეტული საბუთის გარეშე ვერ გახვალ. საბუთი უნდა გქონდეს, რომელშიც წერია თუ რის გამო ტოვებ სახლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმაა, პოლიცია დადის და ყველას ამოწმებს. ეს წესი გუშინ მიიღეს.

ორი კვირაა, რაც საბერძნეთში ყველაფერი შეჩერდა, მაგრამ ახლა უფრო გართულდა ვითარება. გამოითქვა ვარაუდი, რომ შეიძლება ჩემპიონატი ჩაიშალოს, მაგრამ კონკრეტულად ვერავინ ვერაფერს ამბობს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება, დღეში დაახლოებით 40-50 ადამიანი ინფიცირდება.

ვცდილობ, სახლის პირობებში მაქსიმალურად შევინარჩუნო ფიზიკური კონდიციები, კლუბთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და მწვრთნელების რჩევებს ვითვალისწინებ. ასევე ვუყურებ ფილმებს, სერიალებს, Playstation-ს ვთამაშობ, საჭმლის მომზადებაც ვცადე, პასტა გავაკეთე და ვფიქრობ, კიდევ რა გავაკეთო, თუმცა დიდი არჩევანი არაა. სხვათა შორის,, კარგი პასტა გამომივიდა, ვარჯიშის შემდეგ ვჭამე და ძალიან გემრიელი იყო.

ვკითხულობ რემარკის ''სამ მეგობარს,'' ვნახე ფილმი ''პარაზიტი,'' რომელიც ძალიან მომეწონა. ეს ფილმი მდიდარი და ღარიბი ოჯახების შესახებაა და სოციალური განსხვავებები კარგადაა წარმოჩენილი. ასევე, ვუყურე ფილმ The Irishman-ს დე ნიროს, ალ პაჩინოსა და ჯო პეშის მონაწილეობით. რაც შეეხება სერიალებს, ამჟამად The Wire-ს ვუყურებ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები