Aa
Aa

რუნი: „ლივერპული ჩემპიონობას იმსახურებს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, უეინ რუნი კორონავირუსის პანდემიის გამო, პრემიერ ლიგაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. ინგლისელი ფორვარდი სეზონის ჩამთავრების მომხრეა და თვლის, რომ „ლივერპული“ სანუკვარი თასის აღმართვას იმსახურებს.

„ევერტონის გულშემატკივრები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ მიმდინარე სეზონი უნდა გაუქმდეს. ეერტონელი ვარ და 13 წლის განმავლობაში მანჩესტერში ვთამაშობდი, ამიტომ ჩემში არის რაღაც, რაც ამ იდეას ემხრობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ ასე არ უნდა მოხდეს.

ლივერპულმა ფანტასტიკურად იასპარეზა და უდიდესი სამუშაო გასწია. ისინი ჩემპიონობას იმსახურებენ. წარმოგიდგენიათ, რა შეგრძნება დაგეუფლებათ 30-წლიანი ლოდინის შემდეგ, ტიტული ასე რომ წაგართვან?!

ჩემი აზრით, სეზონის ჩამთავრება სწორი გადაწყვეტილებაა. თანაც პრემიერ ლიგიდან გავარდნილი, ჩემპიონშიპიდან აღზევებული და ევროტურნირების საგზურის მფლობელი გუნდების ვინაობაც უფრო მარტივად გაირკვევა. ეს საკითხი კლუბებისთვის ძალიან აქტუალურია და სეზონის გაუქმების შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე სასამართლო პროცესი ვიხილოთ.

2019-20 წლების სეზონის ჩამთავრება სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მაშინაც კი, თუ მომდევნო სეზონს დავკარგავთ“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერ ლიგის პირველ ადგილს 82 ქულით იკავებს. მეორე პოზიციაზე მყოფ „სიტის“ კი, 57 ქულა აქვს. „წითლებს“ ჩემპიონობის გასანაღდებლად 6 ქულა სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები