Aa Aa
21 მარტი 2020  |  21:32

მომღიმარი ბიჭი პორტუ ალეგრიდან, რომელიც ჩვენს გაღიმებასაც ახერხებდა

დღეს გესაუბრებით ერთი პატარა ბიჭის შესახებ პორტუ ალეგრიდან, რომელიც ღარიბ ოჯახში დაიბადა. მისი პირველი სიყვარული ბურთი იყო. ის ისე მაგრად შეუყვარდა, რომ მისი დანახვისას სულ იღიმოდა.

პატარა ბიჭი გაიზარდა და თავისი ჯადოსნური ღიმილი მთელს მსოფლიოს გადასდო. როდესაც ის ბურთთან ერთად ხალხის წინაშე ჩნდებოდა, ყველა იღიმოდა და ბედნიერი იყო.

ასე დაიწყო კიდევ ერთი ჯადოსნური საფეხბურთო ისტორია, რომელიც ამ უმდიდრეს წიგნში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა თავია.

პატარა ბიჭუნას რონალდო დე ასის მორეირა ჰქვია, ჩვენ ის რონალდინიოს სახელით გავიცანით.

დღეს, როცა ამას ვწერ 2020 წლის 21 მარტია და „გაუჩო“ 40 წლის გახდა. ეს მრგვალი თარიღია და წესით, დინიოს ის გრანდიოზულად უნდა აღენიშნა, თუმცა ეს 2 მიზეზით ვერ ხდება: პირველი ის, რომ კორონავირუსმა ყველანი სახლებში გამოგვკეტა და მეორე - რონალდინიო კორონას გარეშეც გამოკეტილია...

ერთ დროს ფეხბურთის ჯადოქარი ამჟამად პარაგვაის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. მას 6 თვით წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მიზეზი, ძმასთან ერთად ყალბი პასპორტებით პარაგვაის ტერიტორიაზე შესვლა გახლავთ.

არამგონია რონალდინიოს მსგავსი რამ გააზრებულად გაეკეთებინა. ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა და დღეს ამაზე საუბარს არც ვგეგმავ...

ფეხბურთი, რომ ადამიანი იყოს, ის რონალდინიო იქნებოდა. ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა რისი კეთება გიწევს - თუ, შენს საქმეს ისე მიუდგები, როგორც ამას „გაუჩო“ აკეთებდა, აუცილებლად მიაღწევ მწვერვალს და იქნები განსაკუთრებული.

დიახ, დინიო (ასე ვეძახი ყოველთვის) არ იყო სტაბილურობის ეტალონი. ის არც რონალდუ ყოფილა და არც მესი. ყველას გვინდოდა, რომ მისი სამბა ცოტა უფრო დიდ ხანს გვენახა, მაგრამ რაც ვნახე მე იმითაც ბედნიერი ვარ.

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? რთული კითხვაა და დარწმუნებული ვარ ყველას თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის მეც, მაგრამ სწორად არ მიმაჩნია ახლა ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ერთს ვიტყვი - ფორმის პიკი ყველა ფეხბურთელს ჰქონია და გვინახავს, თუ რას სჩადიოდნენ ლეგენდები თავიანთი კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ფორმის პიკში მყოფ რონალდინიოზე ძლიერი ფეხბურთელი არასდროს არავინ ყოფილა. ეს მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულებაა და მეტი არაფერი.

რასაც დინიო თავის საუკეთესო წლებში აკეთებდა, ეს რაღაც სხვა იყო...

ყოველი მატჩის წინ, ყოველ საღამოს განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა, როცა იმ დღეს რონალდინიო თამაშობდა, ელოდი რაღაც განსაკუთრებულს და ეს მოლოდინი ხშირ შემთხვევაში მართლდებოდა ხოლმე.

მისი თამაში ფანტასტიკის ჟანრის ფილმივით იყო. როდესაც კინოთეატრში მიდიხარ, სათვალეებს იკეთებ და 2 საათის განმავლობაში დროებით რეალობას წყდები. განტვირთვისთვის კარგი რამაა, ალბათ დამეთანხმებით. ასევე იყო რონალდინიოს თამაშის ყურებაც.

ვისხედით და დაახლოებით ორი საათის მანძილზე თვალებგაფართოებული ვუცქერდით რაღაც განსაკუთრებულს, რასაც შემდეგ ეზოში ჩასვლისას მეგობრებს ვუზიარებდით და იწყებოდა გაუთავებელი საუბარი, საუბარი მომდევნო მატჩამდე და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი. შემდეგ დინიომ მოტივაცია დაკარგა და სასწაულების ჩადენას მოუკლო. ხანდახან, თუ შეგვახსენებდა თავს სხვა კონტინენტიდან და ნოსტალგიას დაგვიკმაყოფილებდა.

"ფეხბურთელისთვის განვითარება მთავარი რამაა. ყოველთვის უნდა ცდილობდე, რომ მოუმატო და არსებულით არ დაკმაყოფილდე. რონალდინიომ იცოდა, რომ საუკეთესო იყო და ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტი უშლიდა ხელს განვითარებაში. მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ ბრაზილიელს უფრო მეტი შეეძლო. მას არ ჰქონდა ისეთი სტიმული და იმხელა მოტივაცია, როგორიც ეს დღეს მესის და რონალდუს აქვთ. მათ ერთმანეთი ჰყავთ და ისინი ერთმანეთთან მუდმივ შეჯიბრში არიან“. - ეს სიტყვები ჰენრიკ ლარსონს ეკუთვნის და ალბათ ის მართალიც არის.

ყველა რონალდუს სჭირდება მესი და ყველა მესის სჭირდება რონალდუ. მსგავსი კონკურენცია, რომ სასარგებლოა ამას ბოლო ათწლეულიც გვიმტკიცებს.

რონალდინიომ იცოდა, რომ საუკეთესო იყო. დიახ, მას 1 ოქროს ბურთზე მეტი არ მოუგია და ჩემპიონთა ლიგაც 1-ჯერ მოიგო. სანაკრებო წარმატებასაც მიაღწია, შემდეგ უბრალოდ გაჩერდა. ის თვლიდა, რომ მწვერვალს მიაღწია და თავის წლებში საუკეთესო იყო. შესაძლოა ხალხი ასე არ თვლიდა და საკმაოდ ბევრი მიიჩნევდა ასე, მაგრამ მთავარი იყო რას ფიქრობდა თავად დინიო.

ვინ იცის, მესის ან რონალდუსნაირ ტიტანს, რომ იმ წლებში ეთამაშა, იქნებ მომღიმარ ბიჭს პორტუ ალეგრიდან, ცოტა უფრო დიდი ხნით გაეგრძელებინა ჩვენთვის სასწაულების დემონსტრირება.

და ახლა... ახლა ის ციხეშია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავეა, თუ არა ის, უბრალოდ გული მტკივა, როცა მას 40 წლის ასაკში ასეთ ადგილას ვხედავ...

„ღმერთი ყველას ასაჩუქრებს. ვიღაცას წერა შეუძლია, ვიღაცას ცეკვა. მან მე ტექნიკა და ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მომცა და მე ამ ნიჭის გამოყენებას მაქსიმალურად ვცდილობ“. - რონალდო დე ასის მორეირა, კაცი რომელიც იღიმოდა და ჩვენს გაღიმებასაც ახერხებდა, ხალხის გაღიმება კი ადვილი როდია, ამას ნებისმიერი პროფესიონალი არტისტი დაგიდასტურებთ.

ბოლოს გიტოვებთ ვიდეოს, რომელსაც პირადად მე საკმაოდ ხშირად ვუყურებ ხოლმე...

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!