Aa
Aa

რივალდო: „გრიზმანი კოუტინიოს მახსენებს"

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, რივალდო თვლის, რომ ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა „ბლაუგრანას“ შემტევის შესახებ Betfair-თან ისაუბრა.

„ბარსას რიგებში გატარებულ პირველ სეზონში გრიზმანი კოუტინიოს მახსენებს. მსოფლიო ჩემპიონმა, რომელსაც ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ სჭირდება, გუნდზე უფრო დიდი გავლენა უნდა მოახდინოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა კოუტინიო ბაიერნშია განათხოვრებული, ხოლო დემბელესა და სუარესს ტრავმები აწუხებთ.

პირადად მე, ვთვლი, რომ გრიზმანი თავის პოტენციალს მაინც გამოავლენს. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი ბარსელონაში დამკვიდრდება და ბლაუგრანას სათამაშო სტილსა და ტაქტიკას უკეთ მოერგება.

კოუტინიოს რაც შეეხება, მან კამპ ნოუზე დასარჩენად უნდა იბრძოლოს და ბარსას თავისი ძლიერი მხარეები დაანახოს. ვიმედოვნებ, რომ კოუმ ბუნდესლიგაში მიღებული გამოცდილების დახმარებით გამოიღვიძა და მიხვდა, რომ ბარსელონა მისთვის იდეალური ადგილია, რათა ევროპულ ფეხბურთში გაიბრწყინოს.

კოუტინიოს საფეხბურთო შესაძლებლობების მჯერა, მაგრამ ბევრი რამ მის მენტალურ სიძლიერეზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, სურს თუ არა მას კრიტიკოსების დადუმება“.

აქვე გეტყვით, რომ გერმანული პრესის მიხედვით, „ბაიერნი“ კოუტინიოს კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს, თუმცა ბრაზილიელის „კამპ ნოუზე“ დაბრუნება მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „ნისლიან ალბიონზე“ იტყობინებიან, რომ ზაფხულში კოუტინიოს გადაბირებას ბრიტანული გრანდები შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები