Aa Aa

კილიან მბაპე - ბიჭი პარიზის გარეუბნიდან

დეიგო მარადონა მას „ფეხბურთის გასხივოსნებას“ უწოდებს, არსენ ვენგერის თქმით, იგი „ახალი პელეა“. საფრანგეთის პირველმა პირმა, ემანუელ მაკრონმა კი, ის პრეზიდენტის სასახლეში სადილზე მიიწვია. მოკლედ მბაპე ნამდვილი ვარსკვლავია!

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მერვედფინალურ მატჩში კილიანი პელეს შემდეგ, პირველი თინეიჯერი გახდა, რომელმაც მუნდიალზე დუბლი გაიფორმა. მბაპემ ახალი მწვერვალები ბელგიასთან შეხვედრაში დაიპყრო და მალევე გულშემატკივრების ფავორიტად იქცა, თუმცა სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა.

1998 წელს, როცა „მამლებმა“ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს, კილიანი დაბადებული არ იყო, მაგრამ მუნდიალის ტრიუმფატორი ნაკრების წევრებთან ძალიან ბევრი საერთო აქვს. მბაპე კამერუნელი მამისა და ალჟირელი დედის ოჯახში დაიბადა და პარიზის გარეუბანში, ბონდიში გაიზარდა. ბონდი დედაქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, მაგრამ პარიზისგან ძალიან განსხვავდება.

ფრანგული საზოგადოების ნაწილს გარეუბნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა ღარიბი ბავშვები წარმატებული მომავლის იმედებს სწორედ ამ ადგილებში პოულობენ. ერთ-ერთი ასეთი ბავშვი კილიან მბაპე გახლდათ. ფრანგი ფეხბურთელის მამა, ვილფრიდი, ადგილობრივ კლუბში, „ბონდიში“ მუშაობდა, რომელიც მაშინ საფრანგეთის რანგით მეათე დივიზიონში ასპარეზობდა და 5 წლის კილიან მბაპემ საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები სწორედ ამ კლუბში გადადგა.

ამჟამად მბაპე ბონდის სიამაყეა. იგი ადგილობრივი ბავშვების კუმირია და ცენტრალურ მოედანზე მდებარე უზარმაზარ ბილბორდზე, კილიანის სურათის გვერდით ასეთი წარწერა გვხვდება: „Bondy, ville des possibles - ბონდი, ქალაქი, სადაც შეუძლებელი არაფერია“. მბაპეს პირველი მწვრთნელი, ანტონიო რიკარი აცხადებს:ზუსტად მახსოვს, ერთხელ ვვარჯიშობდით და კილიანმა ასეთი რამ გვითხრა: „საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშებ და მსოფლიო ჩემპიონი გავხდები“! ყველამ დავცინეთ. სხვა რა უნდა გვექნა?! იგი მაშინ  6 წლის იყო“.

მბაპე უდავოდ უნიკალური ფეხბურთელია. მას ახალგაზრდა მაიკლ ოუენის სისწრაფე დათინეიჯერი კრიშტიანუ რონალდუს მოძრაობები აქვს. დამაგვირგვინებელ ფაზაში კი, ლიონელ მესივით ცივსისხლიანია. მიუხედავად ამისა, მბაპე „ჩელსიში“ მაინც დაიწუნეს. „არისტოკრატებმა“ ფრანგი ფეხბურთელი სინჯებზე 11 წლის ასაკში მიიწვიეს. „კობჰემის“ სავარჯიშო ბაზაზე მან ერთი კვირა გაატარა დალონდონელთა მოხიბვლა ვერ მოახერხა.

რამდენიმე წლის შემდეგ, მბაპეს გადაბირება არსენ ვენგერმა და ლუის ვან გაალმა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამ უკანასკნელის ყოფილი ასისტენტი, რაიან გიგზი იხსენებს: მბაპესა და გაბრიელ ჟეზუშს ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. მათ თამაშს ხშირად ვადევნებდი თვალს და ვიცოდი, რომ ორივე მათგანი უდიდეს წარმატებას მიაღწევდა. გუნდს მათი შეძენა რამდენჯერმე ვთხოვე, ტრანსფერი სულ რაღაც 5 მილიონი ფუნტი ჯდებოდა, მაგრამ არავინ მომისმინა”.

მბაპემ 14 წლის ასაკში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და კარიერა „მონაკოში განაგრძო. მისი დებიუტი 2015 წლის 2 დეკემბერს შედგა. მან ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდი დაამხო და 16 წლის და 347 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში „მონაკოს“ მაისური მოირგო.

ფრანგმა ტალანტმა მოწინააღმდეგე გუნდების დაცვის ხაზების გაცამტვერება სწორედ „მონაკოში“ დაიწყო. 2016-17 წლების სეზონში მან 26 გოლი გაიტანა და გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახადა. მოგვიანებით კი „მონაკო“ დატოვა“ და კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ განაგრძო. პსჟ-მ მის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა გადაიხადა, რის გამოც მათ ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა მბაპემ დაამტკიცა, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

კილიანი არასაფეხბურთო კუთხითაც გამორჩეული პიროვნებაა. 2018 წლის დასაწყისში, მაკრონმა იგი დიდიე დროგბასთან და ჟორჟ ვეასთან ერთად სადილზე დაპატიჟა და მათთან აფრიკაში ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, სწორედ მაშინ განაცხადა, რომ კილიანი გულშემატკივრებს აუცილებლად გააოცებს.

2018 წელს მბაპემ საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობისთვის მიღებული თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადაურიცხა. კილიანმა თავისი ყოფილი სკოლის მოსწავლეების რუსეთში ჩასვლაც დააფინანსა. 25-მა ახალგაზრდამ მოსკოვი დაათვალიერა და პორტუგალია-მაროკოს და საფრანგეთი- დანიის მატჩებს დაესწრო. მბაპე ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული და გულშემატკივრებს რეგულარულად ახარებს.

2017 წელს ვენგერმა მბაპეს შესახებ განაცხადა: „კილიანთან საუბრისას ხვდები რომ ის 18 წლის ბიჭუნა ნამდვილად არაა. მას შეუძლია ახალი პელე გახდეს. მბაპეს უდიდესი პოტენციალი აქვს".

 

გაზიარება: