2 მეგატრანსფერი - ბარსა ნეიმარსა და ლაუტაროს უახლოვდება
Aa
Aa

2 მეგატრანსფერი - ბარსა ნეიმარსა და ლაუტაროს უახლოვდება

კორონავირუსის მიუხედავად ევროპულ პრესაში ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებზე ახალი ცნობების გავრცელება არ წყდება.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ 2020 წლის ივნისიდან სატრანსფერო ბაზარზე მთავარი მოქმედი პირი კვლავ ნეიმარი იქნება. ESPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ესპანური მედიაც ადასტურებს - პსჟ ბრაზილიელის დასათმობად მზადაა.

წყაროს თანახმად, პარიზელები „ბარსელონას“ 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნეიმარს დაუთმობენ.

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის ზაფხულიდან ნეიმარის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად მისი გამოსყიდვა 180 მილიონად შეიძლება.

„ბარსელონა“ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კვლავ ადასტურებს და ზაფხულისთვის შემადგენლობის გვარიანად გაძლიერებას გეგმავს.

კატალონიელები დიდი ალბათობით ნეიმარის ტრანსფერში გრიზმანს, ან დემბელეს ჩართავენ, რათა ბრაზილიელის სანაცვლოდ შედარებით ნაკლების გადახდა მოუწიოთ.

რაც შეეხება მეორე ხმაურიან ტრანსფერს, Daily Mail-ი წერს, რომ „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის შემცვლელს უკვე ეძებს.

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსა“ მზადაა ლაუტაროს წლიური ანაზღაურების სახით იმდენი გადაუხადოს რამდენსაც გრიზმანს უხდიან. საუბარია 18 მილიონ ევროზე.

არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს და ის ძალაში 2020 წლის 15 ივნისამდეა. ამის შემდეგ ფასი გაიზრდება, მაგრამ „ინტერი“ ხვდება რომ „ბარსელონა“ ამას არ დაელოდება და მათ შეთავაზებას გაცილებით ადრე გაუკეთებს.

„ბლაუგრანა“ ლაუტაროს შესაძენად მეორე ვარიანტსაც განიხილავს. ისინი დაახლოებით 65 მილიონ ევროს გადაიხდიან, დამატებით კი მოლაპარაკებებში თავიანთ რომელიმე მოთამაშეს ჩართავენ, შესაძლოა საუბარი იყოს ერთბაშად 2 ფეხბურთელზეც.

ცნობილია, რომ „ინტერი“ არტურო ვიდალის, არტურ მელოსა და ნელსონ სემედუს შეძენით ინტერესდება.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კლუბებს სატრანსფერო გეგმებზე დასაფიქრებლად და მათზე სამუშაოდ დამატებითი დრო მიეცათ, რასაც „ბარსელონა“ უკვე იყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები