Aa
Aa

სტუმრების დომინაცია - ევროპა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩების კოლაჟი

ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩებიდან გუშინ 6 მათგანი გაიმართა. ავსტრიაში იოლად გაიმარჯვა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც ლასკ-ი გაანადგურა. ფრანკფურტში „აინტრახტთან“ სენსაციური შედეგი დააფიქსირა „ბაზელმა“, დღის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა კი გლაზგოში, „აიბროქსზე“ შედგა, სადაც სტივენ ჯერარდის „რეინჯერსმა“ „ლევერკუზენთან“ წააგო.

შესანიშნავი თამაში აჩვენა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონატის ამჟამინდელ პირველადგილოსან ლასკ-ს 5:0 მოუგო. „წითელი ეშმაკები“ ეფექტური გოლით ოდიონ იგალომ დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმში გატანილი კიდევ 4 ბურთი მოჰყვა - თავი დანიელ ჯეიმსმა, ხუან მატამ, მეისონ გრინვუდმა და ანდრეას პერეირამ გამოიჩინეს.

„კომერცბანკ არენაზე“ უმაყურებლოდ დარჩენილმა „აინტრახტმა“ შვეიცარიული „ბაზელის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. სამუელე კამპომ ჯარიმიდან ულამაზესი გოლი შეაგდო, რასაც ბუასა და ფრაის გოლებიც დაემატა და „ბაზელმა“ შინ 3-ბურთიანი უპირატესობა წაიღო.

გუშინდელი სათამაშო დღის ერთადერთი გუნდი, რომელმაც საკუთარ მოედანზე მოიგო თურქული „ბაშაქშეჰირია“. სტამბულელებმა დანიურ „კოპენჰაგენს“ ვისკას მიერ 88-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით აჯობეს.

მძიმე გასვლით შეხვედრაში გაიმარჯვა დონეცკის „შახტარმა“. ლუიშ კასტროს გუნდმა „ფოლკსვაგენ არენაზე“ „ვოლფსბურგი“ 2:1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას მეტოქეებმა თითო პენალტი გააფუჭეს, ანგარიში კი ჟუნიორ მორაეშმა გახსნა, რასაც გერმანელთაგან ბრუკსმა უპასუხა, გამარჯვების გოლი ანტონიოს ანგარიშზეა.

პირეოსში, „ოლიმპიაკოსმა“ და „ვულვზმა“ 1:1 ითამაშეს. ბერძნები 29-ე წუთიდან 10 კაცით დარჩნენ, მეორე ტაიმში ისინი იუსეფ ელ არაბიმ დააწინაურა, ინგლისელთაგან კი გამათანაბრებელი გოლი ნეტუმ შეაგდო.

48 000 მაყურებელის მიერ გამხნევების მიუხედავად, „რეინჯერსმა“ „ლევერკუზენთან“ 1:3 წააგო და 1/4 ფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. გერმანელები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ჰავერცის, არანგისისა და ბეილის გოლებში აისახა. ბრიტანელთაგან პრესტიჟის ბურთი ედმუნდსონის აქტივშია.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება „სევილია“-„რომასა“ და „ინტერი“-„ხეტაფეს“ მატჩები. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უეფა-ს ეგიდით შემდეგ კვირას დაგეგმილი ყველა მატჩი გადადებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები