Aa
Aa

რუდი გობერს კორონავირუსი დაუდასტურდა - NBA-ში სეზონი შეჩერდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ეს გადაწყვეტილება NBA-მ მას შემდეგ მიიღო, რაც „იუტა ჯაზის“ ცენტრს, რუდი გობერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გამთენიისას „ჯაზმენებს“ „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ მატჩი დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიდო და კალათბურთელებს სრულ იზოლაციაში მოუწიათ ყოფნა.

ამერიკული პრესის მიხედვით, „იუტას“ მოთამაშეები გასახდელში პირბადეებით ისხდნენ და ადგილობრივმა ექიმებმა მათ კორონავირუსზე ტესტები ჩაუტარეს. აღსანიშნავია, რომ Yahoo Sports-ის თანახმად, გობერი ჟურნალისტების მიკროფონებსა და ჩამწერებს შეეხო და ასე დაინფიცირდა.

რამდენიმე წუთის წინ, ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალათბურთელებს, რომლებმაც ბოლო 10 დღის განმავლობაში „ჯაზის“ წინააღმდეგ ითამაშეს, შეატყობინეს, რომ საკარანტინო პერიოდი უნდა გაიარონ. საუბარი „კლივლენდის“, „ნიუ იორკის“, „ბოსტონის“, „დეტროიტისა“ და „ტორონტოს“ მოთამაშეებზეა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვას აპირებდა, მაგრამ კორონავირუსის გამო, ყველაფერი შეიცვალა და ჯერჯერობით უცნობია NBA-ს რა გეგმები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები