ცვლილება 24 წამის შემდეგ - მიზეზი საკმაოდ უცნაურია
Aa
Aa

ცვლილება 24 წამის შემდეგ - მიზეზი საკმაოდ უცნაურია

„კლუჟის“ მთავარმა მწვრთნელმა, დან პეტრესკუმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელი მატჩის დაწყებიდან 24 წამის შემდეგ შეცვალა. საქმე ისაა, რომ რუმინეთში მოქმედებს წესი, რომელიც გუნდებს ავალდებულებს, რომ ძირითად შემადგენლობაში 21 წლამდე ასაკის მინიმუმ 2 რუმინელი ფეხბურთელი ჰყავდეთ.

ერთმა მათგანმა საფინალო სასტვენამდე უნდა ითამაშოს, ხოლო მეორე მოთამაშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეიძლება. პეტრესკუმ 18 წლის ალინ ფიკა ძირითად შემადგენლობაში სწორედ ამიტომ გაამწესა.

მატჩის შემდეგ, „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა: „ჩემი საქციელით არ ვამაყობ. ვიცი, რომ ამან მასზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი რჩება, რაც ჩემს საქმეს ერთიორად ართულებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან სამწუხაროა მას ასეთი დებიუტი რომ ჰქონდა“.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთში 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელების ძირითადში გამწესება და მათი მოედნიდან ნაადრევად გაყვანა მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ მსგავსი რამ 24-ე წამზე არასდროს მომხდარა.

პეტრესკუს ქმედების მიუხედავად, „კლუჟმა“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და მატჩი ფრედ - 0-0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები