არსენალისა და სიტის მატჩი გადაიდო - მეთოფეების ფეხბურთელები კორონავირუსის რისკის ქვეშ არიან
Aa
Aa

არსენალისა და სიტის მატჩი გადაიდო - მეთოფეების ფეხბურთელები კორონავირუსის რისკის ქვეშ არიან

პრემიერ ლიგამ „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ დაპირისპირების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული შეხვედრა წესითა და რიგით დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოლიმპიაკოსის“ მფლობელი კორონავირუსით დაინფიცირდა, „ქალაქელთა“ და „მეთოფეების“ ჯახი აღარ ჩატარდება.

ბერძნული გრანდის მფლობელი, ევანგელოს მარინაკისი რამდენიმე დღის წინ „ემირეითს სთედიუმზე“ იმყოფებოდა და „არსენალისა“ და „ოლიმპიაკოსის“ შეხვედრას დაესწრო. მატჩის შემდეგ, მან გამარჯვება გუნდთან ერთად გასახდელში აღნიშნა და ლონდონელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, „არსენალის“ რამდენიმე ფეხბურთელსაც შეხვდა.

„მოთამაშეები, რომლებიც მარინაკისს შეხვდნენ 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე სახლში დარჩებიან. ამასთან ერთად, არსენალის წარმომადგენლები, რომლებიც ოლიმპიაკოსთან მატჩისას ბატონი მარინაკისის გვერდით ისხდნენ, იგივეს გააკეთებენ“.

„არსენალში ყველას სურს ბატონ მარინაკისს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვოს. პარასკევს, ჩვენი ფეხბურთელების ბაზაზე დაბრუნებას მოუთმენლად ველით".

როგორც მოგეხსენებათ „არსენალისა" და „ოლიმპიაკოსის" შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართა და თუ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სიმპტომები არ გამოუვლინდათ, ისინი გუნდს პარასკევს სწორედ ამიტომ შეუერთდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები