Aa
Aa

მოულოდნელი გამარჯვება - ინდიანამ სტუმრად დალასი დაამარცხა

„ინდიან პეისერსი“ ფლეიოფის პირველ რაუნდში საშინაო კედლების უპირატესობის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობს. გამთენიისას ნეით მაკმილანის შეგირდებმა მოულოდნელი გამარჯვება გაიფორმეს და სტუმრად „დალას მავერიქსი“ 112-109 დაამარცხეს.

მატჩის დიდი ნაწილი ქულა ქულაში წარიმართა. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, „ინდიანა“ 5 ქულით აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში 8-0 გაქცევა მოაწყო და სასურველ შედეგს მიაღწია.

„პეისერსის“ წარმატება გუნდური კალათბურთის დამსახურება გახლდათ. „ინდიანას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული 6-მა მოთამაშემ გადალახა. საუკეთესო კი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც მიმდინარე რეგულარულში 50-ე ორმაგი დუბლი მიითვალა და შეხვედრა 20 ქულით, 17 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. საბონისის გარდა 16-16 ქულით უორენი და ოლადიპო გამოირჩნენ. მაილს ტერნერმა კი 16 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა დააგროვა.

გოგა ბითაძეს რაც შეეხება, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე ძალიან ცოტა - 1 წუთი და 56 წამი გაატარა და 1 მოხსნას დასჯერდა.

„დალასთან“ გამარჯვებით „ინდიანამ“ პოზიციები გაიმყარა. „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეა და მეოთხეადგილოსან „მაიამის“ მხოლოდ 2 მოგებით ჩამორჩება. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს გამართავს და საუკეთესოს ვინაობას „ბოსტონ სელთიქსის“ წინააღმდეგ გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები