Aa Aa
8 მარტი 2020  |  22:02

დრაჟენ პეტროვიჩი - ვარსკვლავი, რომელმაც ვერ იკაშკაშა

imgbanner

NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელებზე საუბრისას დრაჟენ პეტროვიჩის სახელს არავინ ახსენებს. ასე იმიტომ არ ხდება, რომ მას ტალანტი აკლდა, ბევრს არ მუშაობდა ან გამარჯვების ჟინი არ ჰქონდა... სამწუხაროდ ყველაფერი გერმანიაში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება...

პეტროვიჩი 1964 წლის 22 ოქტომბერს ხორვატიაში, ქალაქ შიბენიკში დაიბადა. დრაჟენის უფროსი ძმა კალათბურთს მისდევდა და პეტროვიჩი ამ სპორტით სწორედ ამიტომ დაინტერესდა. თავიდან იგი კალათბურთს არასერიოზულად უდგებოდა, მაგრამ სულ მალე ეს სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. იგი ადგილობრივ დარბაზში თამაშობდა და მატჩების შემდეგ, რჩებოდა, რათა საკუთარ თავზე ემუშავა. მან თავისი ცხოვრება კალათბურთს მიუძღვნა და გახდა მოთამაშე, რომლის თამაშმაც ბევრი ადამიანი აღაფრთოვანა.

კლაიდ დრექსლერი პეტროვიჩზე საუბრისას იხსენებს: „მე და დრაჟენი კარგი მეგობრები ვიყავით. მის რესტორანში მისი ოჯახის შესახებ ხშირად ვსაუბრობდით. დრაჟენს მეგობრებთან ყოფნა და კალათბურთის თამაში ძალიან სიამოვნებდა. მას უდიდეს პატივს ვცემდი, რადგან იგი ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობდა“.

„პეტროვიჩი ვარჯიშებზე მუდამ პირველი მიდიოდა და სავარჯიშო დარბაზს ყოველთვის ბოლო ტოვებდა. რთულია ასეთ ადამიანს პატივი არ სცე“.

„დრაჟენისგან დრაჟენზე მეტს არავინ ითხოვდა“.

ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელს, ჩაკ დეილის პეტროვიჩი მხიარულ ბიჭად დაამახსოვრდა, რომელიც ყოველთვის იღიმოდა. სწორედ ეს ღიმილი ფარავდა იმ მკვლელის ინსტიქტს, რომელიც პეტროვიჩს ჰქონდა. დრაჟენი ნამდვილი ხელოვანი იყო, რაზეც მისი მეტსახელიც მეტყველებს - „ხორვატი მოცარტი“! და მართლაც! პეტროვიჩი პარკეტზე შედევრებს ქმნიდა და მოცარტს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

ევროპულმა საკალათბურთო სამყარომ იგი „შიბენკასა“ და „ციბონაში“ თამაშისას აღმოაჩინა. 15 წლის ასაკში პეტროვიჩი უკვე „შიბენკას“ ძირითად გუნდში ასპარეზობდა და ფინალურ მატჩში „ორჯერ" მიიღო მონაწილეობა. დრაჟენმა და კომპანიამ ორივე შეხვედრა წააგეს, თუმცა იმ მატჩებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

რეალურად პეტროვიჩის გუნდმა ერთი თამაში მოიგო. დრაჟენის მიერ ჩაგდებული საჯარიმოები გამარჯვების მომტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული დარღვევების გამო, კალათბურთის ფედერაციას მატჩრევანშის გამართვა სურდა. მათ ეს ქულები არ ჩათვალეს. „შიბენკას“ მოთამაშეები კი განმეორებით შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ და საჩემპიონო თასი მოწინააღმდეგე გუნდს გადაეცა.

ამის შემდეგ პეტროვიჩი ჯარში წავიდა და ერთი წლის შემდეგ „ციბონაში“ თავის ძმას, ალექსანდრს შეუერთდა. „ციბონასთან“ ერთად პეტროვიჩი პირველივე სეზონში იუგოსლავიის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა.

1985 წელს დრაჟენმა არაამქვეყნიური მატჩი ჩაატარა. მან სლოვენიურ „უნიონ ოლიმპიას“ 112 ქულა ჩაუგდო. „ციბონაში“ იგი საშუალოდ 37.7 ქულას აგროვებდა. ამ გუნდში პეტროვიჩმა 4 სეზონი გაატარა და ოთხივეჯერ ხორვატიის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

სლოვენიელი მოთამაშე, რაშო ნესტეროვიჩი აცხადებს: „დრაჟენი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ხორვატი ბავშვების 90 პროცენტს სურდა პეტროვიჩის მსგავსი კალათბურთელი გამხდარიყო. იგი თავისი შრომით ბევრი ახალგაზრდის შთაგონების წყარო გახდა“.

1986 წელს პეტროვიჩი მე-60 ნომრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ აირჩია. დრაჟენი NBA-ში 1989 წელს წავიდა. „პორტლენდში“ მას დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და პარკეტზე საშუალოდ 12.6 წუთს ატარებდა. ხორვატი კალათბურთელი „ტრეილ ბლეიზერსში“ შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო იყო და 1990-91 წლების სეზონის დაწყებიდან 18 მატჩის შემდეგ გაცვლა მოითხოვა. „პორტლენდმა“ მისი თხოვნა გაითვალისწინა და „პეტრო" „ნიუ ჯერსი ნეთსში“ გაუშვა.

ახალ კოლექტივს დრაჟენი სეზონის შუაწელს შეუერთდა და კმაყოფილი იყო იმით, რომ პარკეტზე დიდ დროს ატარებდა. იგი გადავიდა გუნდში, რომელიც ფლეიოფში გასვლას რამდენიმე წელიწადი ვერ ახერხებდა, თუმცა საკმაოდ ნიჭიერი კალათბურთელები ჰყავდა.

NBA-მ „პეტრო“ 1991-92 წლების სეზონში გაიცნო, როცა იგი საშუალოდ 36.9 წუთს თამაშობდა და 20.6 ქულას აგროვებდა. „კალათბურთის ამადეუსი“ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და „ნიუ ჯერსის“ მთავარი დამრტყმელი ძალა გახლდათ. იგი პარკეტიდან 51 პროცენტით უტევდა, თუმცა დრაჟენს პოპულარობა კარგმა სამიანმა მოუტანა. ხორვატი პერიმეტრიდან ნასროლი ბურთების 44 პროცენტს აგდებდა.

1992-93 წლების სეზონში პეტროვიჩმა სერიოზული პროგრესი განიცადა. იგი როგორც პარკეტიდან, ასევე პერიმეტრიდან უფრო ეფექტურად უტევდა და საშუალოდ უფრე მეტ ქულას აგროვებდა. სამწუხაროდ ეს სეზონი მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა...

უცნაურია, მაგრამ პროგრესის მიუხედავად დრაჟენი ყველა ვარსკლავის მატჩში მაინც ვერ მოხვდა. ერთი პერიოდი იგი თვლიდა, რომ NBA-ში არ აფასებდნენ და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დატოვებასაც განიხილავდა...

1992 წელს პეტროვიჩმა ხორვატია ოლიმპიადის ფინალში გაიყვანა, სადაც „დრიმ თიმს“ დაუპირისპირდა. როგორც მოგეხსენებათ ის შეხვედრა ამერიკელებმა მოიგეს, თუმცა დრაჟენმა ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო. „პეტრო“ მაიკლ ჯორდანსაც გაეჯიბრა. „ემჯეიმ“ პეტროვიჩს უთხრა, რომ ბურთს მის ცხვირწინ ჩააგდებდა, რაზეც დრაჟენმა მიუგო: „მეც იგივეს გავაკეთებ“.

პეტროვიჩი მატჩის მიმდინარეობისას Trash Talk-ს არ ერიდებოდა და ჯორდანის მსგავსად საკუთარი თამაშით ამტკიცებდა, რომ სიტყვებს ჰაერზე არ ისროდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ „ემჯეის“ დრაჟენი ძალიან უყვარდა და მის წინააღმდეგ თამაში ეზიზღებოდა.

პეტროვიჩის სახელობის ჯილდოს მიღების შემდეგ, ჯორდანმა განაცხადა: „მის წინააღმდეგ თამაში ძალიან ამაღელვებელი იყო. დრაჟენს ყოველთვის აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა და არასდროს ნერვიულობდა. იგი ჩემ წინააღმდეგ ზუსტად ისე თამაშობდა, როგორც მე მის წინააღმდეგ. ჩვენ დასამახსოვრებელი ბრძოლები გვქონდა და სამწუხაროა ყველაფერი დიდხანს რომ არ გაგრძელებულა".

1993 წლის 7 ივნისს საკალათბურთო სამყარო ტრაგედიამ შეძრა. იმ დღეს ინგოლშტადის ავტობანზე პეტროვიჩი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა...

ხორვატია 1993 წლის ევრობასკეტისთვის ემზადებოდა და გუნდმა შეკრება გამართა. შეკრების შემდეგ პეტროვიჩმა სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებაზე უარი განაცხადა და თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ხორვატიისკენ ავტომობილით გაემართა. ის დღე 28 წლის კალათბურთელისთვის საბედისწერო გამოდგა. ინციდენტის შედეგად NBA-მ დაკარგა მოთამაშე, რომელიც კარიერის პიკში შედიოდა. მოთამაშე, რომელიც წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავად მუშაობდა. მოთამაშე, რომელსაც არავისი ეშინოდა და მოთამაშე, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, რათა ერთ-ერთ საუკეთესო მექულედ ჩამოყალიბებულიყო.

პეტროვიჩი პირველი ევროპელი გახლდათ, რომელმაც NBA-ზე საგრძნობი გავლენა მოახდინა. მან არაამერიკელ მოთამაშეებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კარი გაუღო.

პეტროვიჩის ტრაგედიამ საკალათბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. ყველას აინტერესებდა რა მოხდებოდა დრაჟენს კიდევ რამდენიმე წელიწადი რომ ეთამაშა... პეტროვიჩს შეეძლო უდიდესი წარმატებისთვის მიეღწია. მას შეეძლო „ნეთსისთვის“ ჩემპიონობაც კი მოეტანა, მაგრამ...

დრაჟენი დღემდე ბევრი სტაჟიანი გულშემატკივარის ფავორიტი კალათბურთელია. მისი სამნომრიანი მაისური „ნეთსს“ ხმარებიდან აქვს ამოღებული. ორი აზრი არაა, რომ ხორვატს გაცილებით დიდხანს და უფრო მეტად უნდა ეკაშკაშა და ძალიან სამწუხაროა პეტროვიჩის თამაშით სათანადოდ ტკბობის სიამოვნება რომ არ მოგვეცა.

imgbanner

გაზიარება: