''მერანი'' - გუნდი, რომელიც ფავორიტებს ქულებს აკარგვინებს
Aa
Aa

''მერანი'' - გუნდი, რომელიც ფავორიტებს ქულებს აკარგვინებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე ტურში ''საბურთალომ'' ჩემპიონატის დებიუტანტ თბილისის ''მერანთან'' ორი ქულა დაკარგა. გიორგი დარასელიას გაწვრთნილ ''მერანს,'' რომელიც ძირითადად საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, საწყის ორ ტურში ფავორიტებთან შეხვედრებში გოლი არ გაუშვია. როგორც ბათუმის ''დინამოსთან,'' ასევე ''საბურთალოსთან'' თბილისის ''მერანის'' ფეხბურთელებმა კარის უსაფრთხოება კარგად მოახერხეს.

''მერანში'' არაერთი ცნობილი სახე თამაშობს. მაგალითად, 30 წლის ლევან შარიქაძე, 35 წლის რევაზ გეწაძე, გუნდის კაპიტანია 36 წლის დაჩი ფოფხაძე. თბილისის ''მერანში'' ასევე თამაშობენ 32 წლის გიორგი კახელიშვილი, 35 წლის გიორგი დათუნაიშვილი, 36 წლის ბექა შეყრილაძე და 35 წლის გოგი ფიფია, თუმცა არიან ახალგაზრდა მოთამაშეებიც მიხეილ სარდალიშვილის თუ გიორგი ნიქაბაძის სახით.

პირველ ტურში თემურ შალამბერიძის გუნდმა ''ჩიხურა'' 2:1 დაამარცხა, თუმცა ამჯერად ''საბურთალოს'' ფეხბურთელებმა თბილისურ დერბიში გატანა ვერ მოახერხეს.

მესამე ტურში ''საბურთალო'' თბილისის ''დინამოს'' მიიღებს, ხოლო თბილისის ''მერანი''''მესხის'' სათადარიგო მოედანზე ''ლოკომოტივს'' შეხვდება. გუნდს, რომელმაც საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. ანალოგიური შედეგის ჩვენების შანსი აქვს გიორგი ნემსაძის გორის ''დილას,'' რომელიც ხვალ რვა მარტს ''თელავს'' ესტუმრება.

ფოტო/ვიდეო: ''მერანის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები