დიდი ცვლილებები ბარსელონაში - კლუბი მოლაპარაკებებისთვის ემზადება
Aa
Aa

დიდი ცვლილებები ბარსელონაში - კლუბი მოლაპარაკებებისთვის ემზადება

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა 2020 წლის ზაფხულისთვის გუნდში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს და ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ „ბლაუგრანა“ ბოლო წლებში იმის მხოლოდ სახელია დარჩენილი, რაც გუარდიოლამ შექმნა - მთავარი მიზეზი კლუბის ბორდის წევრების შერყეული სკამია, რომელსაც მხოლოდ მეგატრანსფერები თუ გაამყარებს.

2021 წელს „ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული, რომელიც შესაძლოა ერთი წლით ადრე ჩატარდეს და ამის მიზეზი ბოლო დროს გუნდის ძალიან ცუდი თამაში გახლავთ.

რა თქმა უნდა, ბართომეუსა და მის გუნდს პოსტის ნაადრევად დათმობა არ სურთ და საამისოდ ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერების გასაჩარხად ემზადებიან. ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსა“ პირველ რიგში ნეიმარის დაბრუნებას შეეცდება, პარალელურად კი ლაუტარო მარტინესის გამოსყიდვაზეც იმუშავებს.

წყაროს ცნობით, „ბარსა“ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ გრიზმანს, ან დემბელეს შეელიოს და პლუს ამას თანხაც დაამატოს. როგორც ცნობილია, 2020 წლის ზაფხულიდან ბრაზილიელის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად მისი გამოსყიდვა 180 მილიონად იქნება შესაძლებელი. კატალონიელები ამ თანხის დაკლებას შეეცებიან და მოლაპარაკებებში თავიანთი რომელიმე მოთამაშის ჩართვას სწორედ ამიტომ გეგმავენ.

ნეიმარის დაბრუნება გუნდში პრაქტიკულად ყველას სურს, განსაკუთრებით კი მესის, რომელიც ბრაზილიელთან კარგ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს.

რაც შეეხება ლაუტაროს, „ინტერი“ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა იტალიელებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ.

ესპანური გამოცემა წერს, რომ არტურო ვიდალთან ერთად მილანელებმა შესაძლოა არტურ მელოც მოითხოვონ. „ბარსელონას“ ამ შემთხვევაშიც ფასის დაკლება სურს და მზადაა ერთ ან რამდენიმე მოთამაშეს შეელიოს, თუმცა მელოს დათმობა მათ გეგმებში ამ ეტაპზე არ შედის.

თავდაპირველად საუბარი იყო მოლაპარაკებებში რაკიტიჩის ჩართვაზე, მაგრამ ხორვატი შესაძლოა ახალი სეზონიდან „ატლეტიკოში“ ვიხილოთ.

კატალონიელებს ლაუტაროს შეძენა სუარესის შემცვლელად სურთ, რომელმაც გუნდი შესაძლოა ზაფხულში დატოვოს. ურუგვაელი დარჩენის შემთხვევაში ხელშეუხებელი ცენტრფორვარდი ვეღარ იქნება.

„ბარსა“ ასევე ცენტრლური მცველისა და მარჯვენა მცველის გაფორმებასაც შეეცდება. თუ ყველაფერი კლუბის სურვილისა და გეგმისამებრ წარიმართა, მოსალოდნელი იქნება დამატებით ნახევარმცველის ტრანსფერიც. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ერთი რამ კი ნათელია - კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თავისი პოზიციების გასამყარებლად გრანდიოზულ გეგმებს აწყობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები