რევოლუციის მოლოდინში - ბობანს უშვებენ და რანგნიკს 3 თანამდებობაზე ნიშნავენ?!
Aa
Aa

რევოლუციის მოლოდინში - ბობანს უშვებენ და რანგნიკს 3 თანამდებობაზე ნიშნავენ?!

იტალიური პრესის ინფორმაციით, ზვონიმირ ბობანი "მილანის" დირექტორთა საბჭოს ოფიციალურად უახლოეს საათებში ან დღეებში დატოვებს. 

ხორვატმა გასულ კვირას Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "როსონერის" მფლობელი კომპანია Elliott Management-ი, რომლის ინტერესებსაც გუნდში აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი ატარებს, ზურგს უკან მოქმედებს და ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით მისსა და პაოლო მალდინის აზრს არ ითვალისწინებს.

აპენინური პრესის მტკიცებით, ბობანს "შავ-წითელთა" რიგებიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს, რასაც დიდი ალბათობით,  ოდნავ მოგვიანებით დირექტორთა საბჭოდან იმავე მალდინისა და სპორტულ დირექტორ რიკი მასარას წასვლაც დაემატება. MilanNews-ის ცნობით, მალდინი და მასარა პოსტს უფრო ზაფხულში დატოვებენ.

როგორც რამდენიმე კვირაა იწერება, Elliott Management-ს გუნდში სრულიად ახლებური მმართველობის სისტემის დანერგვა და ერთბაშად სამ თანამდებობაზე რალფ რანგნიკის დანიშვნა სურს. აპენინური გამოცემების თქმით, რანგნიკმა იტალიური ენის სწავლა უკვე დაიწყო.

გერმანელი სპეციალისტი, რომელიც ბოლოს "ლაიფციგში" მუშაობდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მთავარი მწვრთნელის, სპორტული დირექტორისა და სკაუტის როლს მოირგებს. შესაბამისად, გუნდის მართვაზე პრაქტიკულად ერთპიროვნული გავლენა ექნება. რანგნიკი ასევე ახალგაზრდული აკადემიის მართვაშიც მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები