Aa
Aa

პორზინგისის ისტორიული მატჩი - ლატვიელმა მინესოტასთან გაიბრწყინა

„დალას მავერიქსის“ ცენტრმა, კრისტაპს პორზინგისმა „მინესოტასთან“ დაპირისპირებაში ისტორიულ შედეგს მიაღწია. პორზინგისმა „ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ 38 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 5 დაფარება მიითვალა და პერიმეტრიდან 6 ბურთი ჩააგდო.

24 წლის ლატვიელი NBA-ში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩი მინიმუმ 35 ქულით, 10 მოხსნით, 5 დაფარებითა და 5 სამქულიანით დაასრულა. გარდა ამისა, პორზინგისი ბოლო 35 სეზონის განმავლობაში ერთადერთია, რომელმაც მინიმუმ 35 ქულა, 5 დაფარება და 5 სამქულიანი რამდენიმე შეხვედრაში გაიფორმა.

აქვე გეტყვით, რომ „დალასმა“ „მინესოტა“ ლუკა დონჩიჩის გარეშე დაამარცხა. ტექსასელებმა შესანიშნავად იასპარეზეს და მეტოქეს 20 ქულით, 111-91 სძლიეს. პორზინგისის გარდა, „მავსის“ რიგებში სეთ კარი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა. ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორმა კი 19 ქულა დააგროვა.

„მინესოტას“ დამარცხების შემდეგ, „მავსს“ 37 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდეა. „დალასი“ ფლეიოფში საშინაო კედლების უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძვის და მეოთხეადგილოსან „ჰიუსტონს“ 2 გამარჯვებით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები