კორონავირუსი - იტალიაში იუვენტუსი VS ინტერი და კიდევ 4 მატჩი გადაიდო
Aa
Aa

კორონავირუსი - იტალიაში იუვენტუსი VS ინტერი და კიდევ 4 მატჩი გადაიდო

ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებულმა კორონავირუსმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. დიდი საფრთხის გამო ზომები იქნა მიღებული იტალიის სერია ა-ში, სადაც 26-ე ტურის 5 შეხვედრა იქნა გადადებული, მათ შორის სეზონის მთავარი მატჩი „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის.

1-ელ მარტს ტურინში ტურის ცენტრალური მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე უნდა გამართულიყო, თუმცა სერია ა-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა გადავადებულიყო.

ხსენებული დაპირისპირება 2020 წლის 13 მაისს გაიმართება.

ამის გარდა კიდევ ოთხი შეხვედრა იქნა გადადებული, საუბარია შემდეგ მატჩებზე: „უდინეზე“ – „ფიორენტინა“, „მილანი“ – „ჯენოა“, „პარმა“ – „სპალი“ და „სასუოლო“ – „ბრეშია“.

მაყურებლების გარეშე ჩატარდა ევროპა ლიგის მატჩი „ინტერსა“ და „ლუდოგორეცს“ შორის.

იტალია კორონავირუსის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების სამეულში იმყოფება, მათზე მძიმე მდგომარეობა მხოლოდ ჩინეთსა და ირანშია. ამ მომენტისთვის იტალიაში 600-ე მეტი ადამიანია დაავადებული. ბოლო მონაცემებით გარდაცვალების 17 შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები