Aa
Aa

"კრიშტიანუსა და ლეოს ტრანსფერი ყველას ოცნებებშია, ვნახოთ" - ბექჰემის გუნდის დიდი გეგმები

დევიდ ბექჰემის საფეხბურთო კლუბი „ინტერ მაიამი“ MLS-ში სადებიუტო მატჩისთვის ემზადება.

კლუბის მიმართ, რომელსაც ინგლისელი ვარსკვლავი 7 წლის განმავლობაში აშენებდა, ინტერესი უდიდესია და „ბექზის“ ჟურნალისტები სხვადასხვა საინტერესო თემების, მათ შორის - გუშინ გავრცელებულ მესისა და რონალდუს შესაძლო ტრანსფერის, შესახებ გაესაუბრნენ.

„ინტერ მაიამის“ დაარსების შესახებ კარიერის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, პარიზში გამოვაცხადე და ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ MLS-ში დებიუტისთვის 7 წელი დაგვჭირდებოდა. ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, რომ ძალიან ჯიუტი ვარ, თუმცა, ხანდახან არის მომენტები, როცა რაღაც სასურველისთვის უნდა იბრძოლო - ეს ნამდვილად დიდი მოგზაურობა იყო.

ეს ამბიციური პროექტია და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მფლობელს შემადგენლობის გაძლიერება დიდი ფეხბურთელებით, მეტიც - საუკეთესო მოთამაშეებით გვსურს.

რაც შეეხებათ უშუალოდ კრიშტიანუსა და ლეოს, ასეთ ხმებს კიდევ გაიგებთ. ყველასთვის ნათელია, რომ თუკი მსოფლიოს რომელიმე კლუბს მათი დამატების საშუალება მიეცემა, შანსის გამოყენებას ნებისმიერი ეცდება. ყველა მფლობელის ოცნებაა, ისინი თავის გუნდში იხილოს, ასე რომ, ვნახოთ“.

„ინტერ მაიამის“ რიგებში ამ ეტაპზე ვარსკვლავურ გვარებს ვერ ვხედავთ, შემადგენლობის უმეტესობას კი ახალგაზრდა მოთამაშეები შეადგენენ. ბექჰემის გუნდი MLS-ში სადებიუტო შეხვედრას, 2 მარტს, ღამის 02:30 საათზე, „ლოს ანჯელესთან“ სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები