ადამა ტრაორეს რთული ბავშვობა - ბანდიტური დაჯგუფებები და ფეხბურთი
Aa
Aa

ადამა ტრაორეს რთული ბავშვობა - ბანდიტური დაჯგუფებები და ფეხბურთი

„ვულვზის" ფეხბურთელმა, ადამა ტრაორემ ბარსელონას გარეუბანში გატარებული ბავშვობა და ის გამოწვევები გაიხსენა, რომლებსაც ადრეულ ასაკში გაუმკლავდა.

AS-ის მიერ დასმულ კითხვას - სცადეს თუ არა ბანდიტურმა დაჯგუფებებმა მისი გადაბირება, ტრაორემ ასე უპასუხა: „დიახ, ძალიან ბევრჯერ! მათ ჩემი, ჩემი ძმისა და ჩვენი დომინიკელი მეგობრის დაყოლიება რამდენჯერმე სცადეს. მაშინ ბანდიტური დაჯგუფებების წევრობა პოპულარობასთან ასოცირდებოდა, თუმცა ჩვენ განსხვავებული მენტალიტეტი გვქონდა. ჩვენ ფეხბურთელობა გვსურდა და ბანდიტურ დაჯგუფებებში გაწევრიანების პერსპექტივა არ გვხიბლავდა.

იმ პერიოდში ვითარება იმდენად დაძაბული იყო რომ, ხელჩართული ჩხუბი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. სკოლაში, რომელშიც დავდიოდი რამდენიმე ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და ისინი ერთმანეთთან ხშირად ჩხუბობდნენ. ყველაფერი მაქვს ნანახი: ჩხუბის დროს ამოღებული იარაღები, ხის კეტები, დანები, ბოთლებიც კი... ყველაფერი!

ჩემ გარშემო ბევრმა ახალგაზრდამ ფეხბურთს თავი დაანება და ბანდიტურ დაჯგუფებებს შუერთდა. მათთან ერთად და მათ წინააღმდეგ ბევრჯერ მიასპარეზია და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი შესანიშნავი მოთამაშეები იყვნენ. მათ ფეხბურთზე უარი იმიტომ თქვეს, რომ ნარკოტიკები გაეყიდათ და ბანდიტურ დაჯგუფებებში გაწევრიანებულიყვნენ ან უბრალოდ კრიმინალური ორგანიზაციის წევრებთან გარკვეული კავშირები ჰქონდათ და სხვა გზა ვერ იპოვეს".

შეგახსენებთ, რომ ტრაორე „ბარსელონას" აკადემიაში 2004 წელს ჩაირიცხა და „ბლაუგრანას" ბ გუნდში რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა. 2015-ში მან „ასტონ ვილას" მიაშურა და ამჟამად „ვულვზის" ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები