Aa
Aa

"საკმარისად ღრმა შემადგენლობა არ გვყავს", - ბუსკეცი და რაკიტიჩი ალაპარაკდნენ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „ნაპოლისთან“ სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა, თუმცა გუნდს ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდა.

კიკე სეტიენმა ძირითადის ორი მოთამაშე დაკარგა. დისკვალიფიკაციის გამო „კამპ ნოუზე“ „ბარსას“ ბუსკეცი და არტურო ვიდალი ვერ დაეხმარებიან. როგორც ვიცით, ტრავმირებულია ხორდი ალბა, სერხი რობერტო, ლუის სუარესი და უსმან დემბელე, აქედან გამომდინარე კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს საპასუხო მატჩის წინ ძირითადი გუნდის მხოლოდ 13 ფეხბურთელი ეყოლება.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან ფეხბურთელებიც, რომლებიც არსებულ რთულ ვითარებას კლუბის ხელმძღვანელობას აბრალებენ. პირველი კომენტარი სერხიო ბუსკეცმა გააკეთა:

საკმარისად დიდი და ღრმა შემადგენლობა არ გვყავს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ასე იყო დაგეგმილი“.

ბუსკეცის მსგავსად პრობლემაზე ისაუბრა და უფრო მწვავე იყო ივან რაკიტიჩი:

„ვინც ამ საკითხზე პასუხისმგებელია, მან უკვე იცოდა, რომ პატარა შემადგენლობა გვყავდა. ახლა გამოსავალი ერთია - ძალები უნდა მოვიკრიბოთ და გავერთიანდეთ, რადგან წინ ძალიან რთული განმეორებითი შეხვედრა გველის“.

„ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას შემტევის დამატებაზე უარი განაცხადეს და ამით ძალიან გარისკეს, საბოლოოდ კი მათი რისკი დემბელეს მორიგი ტრავმით დასრულდა. როგორც ჩანს, ფეხბურთელები არსებული სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში 18 მარტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები