Aa
Aa

ლუკას მორიგი სამმაგი დუბლი - დონჩიჩმა ჯეისონ კიდის მიღწევა გაიმეორა

„დალას მავერიქსის" სუპერვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს. გამთენიისას სლოვენიელმა კალათბურთელმა 21-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და „სან ანტონიოს" წინააღმდეგ 26 ქულა, 10 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

დონჩიჩი ჯეისონ კიდს გაუთანაბრდა, რომელსაც აქამდე „დალასის" მაისურით ყველაზე მეტი ტრიპლ-დაბლი ჰქონდა გაკეთებული. გასაოცარია, რომ ლუკას კიდის მიღწევის გასამეორებლად 119 შეხვედრა დასჭირდა. მაშინ, როცა ლეგენდარულ გამთამაშებელს „მავსის" რიგებში 500 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ დონჩიჩისა და პორზინგისის წარმატებული თამაშის წყალობით, „დალასმა" ტექსასურ დერბიში „სან ანტონიო" 109-103 დაამარცხა. ლატვიელი კალათბურთელის ანგარიშზე 28 ქულა და 12 მოხსნა იყო, ხოლო ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორი 17 ქულით გამოირჩა.

„სპურსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „დალასს" 36 მოგება და 23 წაგება აქვს. „მავერიქსი" დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდეა და მომდევნო შეხვედრას არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფი „მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები