Aa
Aa

"ჩოგბურთო, მე მივდივარ" - მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

ჩოგბურთმა რუსმა ვარსკვლავმა, მარია შარაპოვამ აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. "მაშამ" განცხადება გამოცემა vanityfair-თან საუბრისას გააკეთა.

"მომენატრება ყოველდღიური რუტინა - გამთენიისას გაღვიძება, მარჯვენა ფეხზე ჩაცმამდე, მარცხენაზე ჩაცმული ფეხსაცმლით კორტზე შებიჯება და პირველი ბურთის დარტყმამდე, კარის დახურვა.

მომენატრება ჩემი გუნდი, მწვრთნელები და სავარჯიშო პროცესი. ის მომენტი, როცა მამასთან ერთად კორტზე საჩოგბურთო ასპექტებს განვიხილავდი. მოგებისა თუ წაგების შემდეგ ხელის ჩამორთმევა მეტოქეებისთვის, რომლებიც ყოველთვის მიბიძგებდნენ, რომ კორტზე ბოლომდე დავხარჯულიყავი.

ჩოგბურთო, მე მივდივარ. შენთან ერთად გატარებული 28 წლისა და დიდი სლემის 5 ტიტულის მოგების შემდეგ, მზად ვარ, ახალ გამოწვევებს შევეჭიდო". - აღნიშნა 32 წლის ჩოგბურთელმა.

მარია შარაპოვამ დიდ ჩოგბურთში ხმაურიანად შეაბიჯა და გულშემატკივარს თავი 2004 წლის უიმბლდონის ფინალში სერენა უილიამსის დამარცხებით გააცნო, რა დროსაც მხოლოდ 17 წლის იყო. მომდევნო წელს, 21 კვირის განმავლობაში, მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.

"მაშას" საჩოგბურთო ცხოვრების შავი ლაქა კი დოპინგ-სკანდალია. 2016 წელს, რუს ვარსკვლავს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს, რის გამოც 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მართალია, აქტიურ სპორტში დაბრუნების უფლება 1 წლის შემდეგ მისცეს, მაგრამ ძველებურ დონეზე ათამაშება ვეღარ შეძლო და ბოლო 5 სეზონში WTA-ს მხოლოდ 1 ტიტული მოიგო - 2017 წელს, ტიანძინში.

შარაპოვამ კარიერის ბოლო მატჩი 21 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობაზე, დონა ვეკიჩის წინააღმდეგ ჩაატარა და 3:6; 4:6 დამარცხდა.

მარიამ კარიერის განმავლობაში დიდი სლემის 5 ტიტული მოიპოვა და ამჟამინდელ აქტიურ ქალ ჩოგბურთელებს შორის, იმავე სერენასთან ერთად იმით გამოირჩეოდა, რომ ე.წ. "კარიერული სლემი" (ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მოგება) აქვს შესრულებული.

2004 წლის უიმბლდონის გარდა, "მაშამ" 2012 და 2014 წლებში - "როლან გაროსის", 2006 წელს - ამერიკის ღია პირველობის, ხოლო 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონობა იზეიმა.

შარაპოვამ 18-წლიან პროფესიონალურ კარიერაში 645 მატჩი მოიგო და 171-ჯერ დამარცხდა, WTA-ს 36 ტიტული მოიგო, საპრიზო თანხის სახით კი 38 777 962 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები