რუმენიგე კოუტინიოზე:''სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე მის პროგრესს ველით''
Aa
Aa

რუმენიგე კოუტინიოზე:''სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე მის პროგრესს ველით''

მიუნხენის ''ბაიერნის'' აღმასრულებელ დირექტორს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს იმედი აქვს, რომ ვიდრე ფილიპე კოუტინიოსთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავენ, ბრაზილიელი შემტევი თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს.

რუმენიგეს თქმით კოუტინიოსთან დაკავშირებით კლუბს გადაწყვეტილება არ მიუღია. ბავარიულ კლუბს უფლება აქვს საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ მოთამაშე გამოისყიდოს.

''რატომ არ არის კოუტინიოს საკითხი გადაწყვეტილი? ეს რთული კითხვაა. ვფიქრობ მან რამდენიმე მატჩში თავი კარგად  წარმოაჩინა, მაგრამ სხვა შეხვედრებიდან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თავდაჯერება აკლდა და ოდნავ შებოჭილი იყო.''

კოუტინიომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ასევე გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

''ფაქტი ერთია, კოუტინიო განსაკუთრებული მოთამაშეა, რასაც სავარჯიშო პროცესში ნათლად ვხედავთ. მან რამდენიმე შეხვედრაშიც დაგვარწმუნა, რომ გამორჩეულია. მწვრთნელები თუ ფეხბურთელები მის დახმარებას ცდილობენ. ახლა როცა სეზონის გადამწყვეტი ეტაპი იწყება, იმედი გვაქვს ტიტულებისთვის ბრძოლაში მისი კარგი თამაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.''

შეგახსენებთ, 27 წლის კოუტინიო კატალონიის ''ბარსელონას'' საკუთრებაა და გერმანულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისთვის ''ბაიერნმა'' 8,5 მილიონი ევრო გადაიხადა. თუ ''ბაიერნი'' ფეხბურთელის გამოსყიდვას გადაწყვეტს, 2020 წლის ზაფხულში სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო უნდა გაიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები