„ღამის 3-ზე მირეკავდა და კალათბურთზე ვსაუბრობდით
Aa
Aa

„ღამის 3-ზე მირეკავდა და კალათბურთზე ვსაუბრობდით" - კობისა და ჯიჯის გამოსამშვიდობებელი საღამო

2020 წლის მეორე თვის, თებერვლის 24 რიცხვში, ლოს-ანჯელესში მდებარე Staples Center-ში ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის, ჯიანას მემორიალი, სახელწოდებით A Celebration of Life for Kobe and Gianna Bryant გაიმართა. გამოსამშვიდობებელი საღამო 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ლეგენდარულ „შავ მამბას“ ცნობილ ადამიანებთან და კალათბურთელებთან ერთად, უამრავი გულშემატკივარი გამოეთხოვა.

ღონისძიება Beyonce-მ გახსნა. ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ბრაიანტის ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერა, XO იმღერა და გამოსვლა ემოციურად შესრულებული Halo-თი დაასრულა.

Beyonce-ს გამოსვლას „შავი მამბას“ კარიერის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეო მოჰყვა. შემდეგ კი სცენაზე კობის ახლო მეგობარი, ჯიმი კიმელი ავიდა. ამ უკანასკნელმა მაყურებლებს მოუწოდა დრო ფუჭად არ დაეკარგათ და საყვარელი ადამიანებისადმი სითბო გამოეხატათ. მონოლოგის დასრულების შემდეგ კი მიკროფონი ვანესა ბრაიანტს დაუთმო.

„შავი მამბას“ მეუღლეს საუბრისას ცრემლების შეკავება გაუჭირდა და ატირებულმა განაცხადა: „პირველ რიგში მინდა, მობრძანებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. სიყვარული და მხარდაჭერა, რომელიც ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველა წერტილიდან მიიღო, უდიდესი შვებაა. დიდი მადლობა ჩვენთვის რომ ლოცულობდით. ახლა კი მსურს კობისა და ჯიჯის შესახებ გესაუბროთ.

ჯიანა ბრაიანტი საოცარი და ნაზი სულის მქონე ადამიანი იყო. ჯიჯი ძალიან ყურადღებიანი გახლდათ, ის მამიკოს გოგო იყო, მაგრამ დედაც ძალიან უყვარდა. ჯიჯი კობის მსგავსად ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა, მაგრამ შინაგანად თბილი და მოსიყვარულე პიროვნება გახლდათ. ჩვენ მისით ვამაყობდით და ახლაც ვამაყობთ. ჯიანას ოცნება უმაღლეს დონეზე თამაში იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზანს აუცილებლად მიაღწევდა და WNBA-ს საუკეთესო კალათბურთელი გახდებოდა. ჯიჯი, დედას, ნატალიას, ბიანკას, კაპრისა და მამას ძალიან უყვარხარ.

რაც შეეხება კობის, ის საოცარი ბრძოლისუნარიანობით იყო ცნობილი. ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი, მწერალი, ოსკარის გამარჯვებული და „შავი მამბა“. ამ სტატუსების მიუხედავად, ჩემთვის ის კობ-კობი, ჩემი ბუბუ, ჩემი ბეიბუ და ჩემი პაპიჩულო გახლდათ. ის კი „დედოფალ მამბასა“ და „პრინციპესას“ მეძახდა. ჩემთვის კობი არც ცნობილი ადამიანი იყო და არც ბრწყინვალე კალათბურთელი, ის ჩემი საყვარელი მეუღლე და შესანიშნავი მამა გახლდათ. ჩემი ყველაფერი...

კობი „გოგონათა მამების" MVP იყო. მან ჩვენს შვილებს სიმამაცე ჩაუნერგა და ასწავლა რთულ მომენტებში ბრძოლა როგორ გაეგრძელებინათ.

მინდა ბიანკას, ნატალიასა და კაპრის დაამახსოვრდეთ, თუ რა გასაოცარი პიროვნება, ბრწყინვალე მამა და შესანიშნავი მეუღლე იყო კობი. მას სურდა მომავალი თაობის წარმომადგენლებს პროგრესისთვის მიეღწიათ და მის შეცდომებზე ესწავლათ. ღმერთმა იცოდა ჯიანა და კობი ამ პლანეტაზე ერთმანეთის გარეშე რომ ვერ გაძლებდნენ და მათი ერთად წაყვანა მოუწია. პატარავ, გთხოვ ჯიჯიზე იზრუნე“.

ვანესა ბრაიანტის შემდეგ სიტყვით დაიანა ტაურასი და საბრინა იონესკუ გამოვიდნენ, რასაც რობ პელინკას მონოლოგი მოჰყვა, რომელმაც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი ისტორია გაიხსენა.

„კობიმ ვერტმფრენიდან მომწერა და მთხოვა ჯონ და კერი ალტობელის შვილს დავხმარებოდი. ბრაიანტი ბოლო მომენტშიც სხვებზე ზრუნავდა. მას უნდოდა თავისი პლატფორმა ახალგაზრდა გოგონას მომავალზე გავლენის მოსახდენად გამოეყენებინა“. პელინკამ ჯიანას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთხელ „მამბასიტას“ გუნდმა, რომელიც კობის მიერ იყო დამოძღვრილი ბიჭების გუნდი უშანსოდ გაანადგურა.

„ლეიკერსის“ გენერალურმა მენეჯერმა საუბარი საინტერესო ამბის გახსენებით დაასრულა. პელინკას თქმით, კობი ვანესას გამო, ცდილობდა ფორტეპიანოზე „მთვარის სონატის“ შესრულება ესწავლა.

რამდენიმე წამის შემდეგ, ცნობილმა მომღერალმა, ალიშა კიზმა Staples Center-ში სწორედ ეს შედევრი გააჟღერა.

ამერიკელი პოპვარსკვლავის შემდეგ, სცენაზე ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ავიდა.

„მადლობას ვუხდი ბრაიანტების ოჯახს სიტყვით გამოსვლის საშუალების მოცემისთვის. როგორც კალათბურთში, ისე პირად ცხოვრებაში კობიმ ყველაფერი გაიღო. ბევრს უკვირს ის ფაქტი, რომ მე და კობი საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ ეს ასეა. „შავი მამბა“ ჩემი პატარა ძმა იყო.

კობი ღამის 11-ზე, 2-ზე და 3 საათზე ხშირად მირეკავდა და კალათბურთზე მესაუბრებოდა. კობის ეს სპორტი სიგიჟემდე უყვარდა და როცა რაღაც სიგიჟემდე გიყვარს, მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევ. მნიშვნელობა არ აქვს რა გიყვარს, იქნება ეს ნაყინი, ბურგერი თუ კოკა-კოლა, მათ მისაღებად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გიწევს. კობი ბრაიანტი ჩემთვის გახლდათ ადამიანი, რომელმაც დამარწმუნა და შთამაგონა, რომ ვიღაცას აინტერესებს როგორ ვთამაშობდი. მას სურდა თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოევლინა. „შავი მამბას“ უკეთ გაცნობის შემდეგ კი მინდოდა მისთვის დიდი ძმის საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავი.

კობის მიერ გვიან ღამით განხორციელებული ზარებითა და სულელური კითხვებით ძალიან ვამაყობ, რადგან მათი დახმარებით ბრაიანტი უკეთ გავიცანი. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერზე ვსაუბრობდით და მას ყველა სფეროში პროგრესის მიღწევა სურდა.

ამ ღონისძიების შემდეგ, კიდევ ერთი „ატირებული ჯორდანის მიმის“ ნახვა მომიწევს. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ სიტყვით არ გამოვიდოდი, რადგან არ მინდოდა მომდევნო წლების განმავლობაში ახალი მიმები მენახა, მაგრამ აი რა მიქნა კობიმ...

მახსოვს, რამდენიმე თვის წინ მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, რომელშიც მითხრა, რომ თავის ქალიშვილს საკალათბურთო მოძრაობებს ასწავლიდა და მკითხა რაზე ვფიქრობდი, როცა ბავშვობაში საკალათბურთო მოძრაობებზე ვმუშაობდი. ბრაიანტს ასაკის დაზუსტება ვთხოვე. მან კი მიპასუხა: „12“. ჩემი მომდევნო ფრაზა ასეთი იყო: „კობი, 12 წლის ასაკში ბეისბოლის თამაშს ვცდილობდი“. ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ეს მიმოწერა ღამის 2 საათზე გვქონდა.

ერთხელ ლოს-ანჯელესში ფილ ჯექსონთან შესახვედრად ჩავედი. ლეიკერსის გასახდელში შევედი და იქ კობი ბრაიანტი დამხვდა. მისალმების ნაცვლად მკითხა სპორტული ფეხსაცმელი თუ მქონდა თან. რა თქმა უნდა, იმ მომენტში პარკეტზე გასვლაზე და თამაშზე არ ვფიქრობდი და სპორტული ფეხსაცმელი არ წამიღია. ამ ისტორიაში მთავარი კობის დამოკიდებულებაა. მას ყოველთვის სურდა თავისი სიძლიერე დაემტკიცებინა".

მაიკლის შემდეგ, მაყურებელთა წინაშე შაკილ ონილი წარსდგა. „ლეიკერსის“ ლეგენდარულმა ცენტრმა ყოფილი თანაგუნდელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ჯორდანის გამოსვლის მსგავსად, მისი მონოლოგისასაც დარბაზი ხან იცინოდა, ხან ტიროდა.

„როგორც იცით, კობისა და მე რთული ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ერთმანეთს მოტივაციას ვაძლევდით საუკეთესო კალათბურთი გვეჩვენებინა, მაგრამ ამავე დროს პატარა ბავშვებივით ვჩხუბობდით და ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებდით.

კარგად მახსოვს დღე, როცა „შავმა მამბამ“ ჩემი პატივისცემა დაიმსახურა. მაშინ თქვენ უკმაყოფილოები იყავით, იმით, რომ კობი პასებს არ აკეთებდა. ბრაიანტთან მივედი და ვეუბნები: „კობი, სიტყვა Team-ში (გუნდში), I (მე) არ არის. ის კი მპასუხობს: „ვიცი, მაგრამ M და E არის იმ Motherfucker-ში (Team-ს გულისხმობს)“.

მამბა, შენ ჩვენგან ნაადრევად წახვედი. ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დაგეწყო, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ შენი მემკვიდრეობა გავაგრძელოთ. დარწმუნებული იყავი, რომ ნატალიას, ბიანკას და კაპრის შენს ყველა მოძრაობას ვასწავლი და გპირდები, რომ მათ საჯარიმო ტყორცნების ჩემეულ ტექნიკას არ გავუზიარებ.

კობი შენ სამოთხის MVP ხარ! ძალიან მიყვარხარ. შეხვედრამდე მეგობარო! მშვიდად განისვენე"!

ონილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კრისტინა აგილერამ „ავე მარია“ შეასრულა, ხოლო ღონისძიების ბოლოს დიდ ეკრანზე კობის ოსკაროსანი ფილმი - „ძვირფასო კალათბურთო“ გაუშვეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები