Aa
Aa

ზედიზედ მე-18! - ლივერპული ყველა დროის რეკორდს გაუთანაბრდა

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ვესტ ჰემი“ 3:2 დაამარცხა და ტურნირის ყველა დროის რეკორდს გაუთანაბრდა.

იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მე-18 გამარჯვება იზეიმა, რაც „სიტის“ 3 წლის წინანდელი შედეგის გამეორებაა. „ქალაქელებმა“ 2017 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე ასევე ჩემპიონატის 18 თამაში მოიგეს.

„ლივერმა“ ბოლოს ქულები 20 ოქტომბერს დაკარგა, როცა გასვლაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფრე - 1:1 ითამაშა. მერსისაიდელებს რეკორდის დამხობის შანსი შემდეგ ტურში, 29 თებერვალს ექნებათ - მეტოქე ლიგის მე-19 ადგილოსანი „უოტფორდია“, რომელსაც კლოპის ბიჭები სტუმრად შეხვდებიან.

„ლივერპულისგან“ გუშინდელ მატჩში გოლები ვეინალდუმმა, სალაჰმა და მანემ გაიტანეს. სენეგალელმა 3 ქულის მომტანი ბურთი 81-ე წუთზე შეაგდო. შედეგად, „ლივერს“ 27 ტურში 26 მოგება და 1 ფრე აქვს და ჩემპიონატს 22-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები