Aa
Aa

მესამე ტიტული ისტორიაში: საბურთალომ კოხრეიძის გოლით დინამო დაამარცხა

2019 წლის სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და საქართველოს თასის გამარჯვებულის დაპირისპირება ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე გაიმართა. საქართველოს სუპერთასზე ''საბურთალომ'' გიორგი კოხრეიძის მიერ მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ''დინამო'' დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ''საბურთალომ'' ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. 2018 წელს გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისური კლუბი საქართველოს ჩემპიონი გახდა, გასულ წელს კი საქართველოს თასი მოიპოვა. დღევანდელი გამარჯვებით ''საბურთალომ'' ისტორიაში მესამე ჯილდო მოიგო.

თბილისის ''დინამოსთან'' დაპირისპირება ''საბურთალოს'' ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, თემურ შალამბერიძისთვის სადებიუტო იყო. მას შემდეგ რაც ესპანურ შეკრებაზე მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო გუნდი დატოვა, კლუბის პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით სეზონის საწყის ეტაპზე გუნდს თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს და შესაძლოა მან პოსტი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს. გამოცდილი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დარჩენის საკითხი გუნდის შედეგიდან და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე გადაწყდება.

ასევე სადებიუტო შეხვედრა გამოდგა ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელისთვის, კახა ჩხეტიანისთვის. გასულ ზამთარში თბილისურ კლუბში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა და გუნდი სასურველი სათამაშო ფორმისგან შორსაა. ანალოგიურად შეგვიძლია შევაფასოთ ''საბურთალოს'' თამაში. ლოგიკურია სეზონის სტარტზე ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება სტარტს 29 თებერვალს აიღებს. პირველ ტურში, 29 თებერვალს თბილისის ''დინამო'' უმაღლეს ლიგაში აღზევებულ ''თელავს'' შეხვდება, გაზახულის პირველ დღეს კი ''საბურთალოს'' მეტოქე საჩხერის ''ჩიხურა'' იქნება.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები