ვერნერი:''კლოპი მსოფლიოში საუკეთესოა, ''ლივერპულს'' კარგად მოვერგები''
Aa
Aa

ვერნერი:''კლოპი მსოფლიოში საუკეთესოა, ''ლივერპულს'' კარგად მოვერგები''

2020 წლის ზაფხულში შესაძლოა ''ლაიფციგის'' ფორვარდი ტიმო ვერნერი პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, ''ლივერპულის'' რიგებში ვიხილოთ. ინფორმაცია ვერნერის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინგლისურ თუ გერმანულ მედიაში აქტუალურია.

''შალკესთან'' მოგებული შეხვედრის შემდეგ ვერნერი შესაძლო ტრანსფერზე Sky Sports-ს  ესაუბრა:''გასულ წელს ვიდრე ''ლაიფციგთან'' კონტრაქტს გავახანგრძლივებდი, მედია ყოველთვის წერდა, რომ კარიერას ''ბაიერნში'' გავაგრძელებდი. ამჟამად ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია ''ლივერპულთან'' დაკავშირებით ვრცელდება.

''ლივერპულში'' მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი მუშაობს.

ბევრი ფაქტორი არსებობს რატომაც შესაძლებელია, რომ ჩემი სტილის ფორვარდი ''ლივერპულს'' კარგად მოერგოს, მაგრამ ახლა ამ თემაზე არ ვფიქრობ, შესაძლო ტრანსფერი ჩემი ფიქრის საგანი არ არის, ამჟამად ''ლაიფციგთან'' ერთად წარმატებულ თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

ნახეთ რომ ჩვენ ''ტოტენჰემი'' დავამარცხეთ, ახლა მეორე მატჩია გასამართი. რთულია იფიქრო თუ სად ითამაშებ შემდეგ სეზონში, როცა მხოლოდ ამჟამინდელ კლუბზე ხარ კონცენტრირებული.''

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ მატჩში იულიან ნაგელსმანის გუნდმა ჟოზე მოურინიოს ''ტოტენჰემს'' სტუმრად მოუგო. ერთადერთი გოლი ვერნერმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. საპასუხო მატჩი 10 მარტს გაიმართება.

23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 27 გოლი შეაგდო. მან 2 გოლი გერმანიის თასზე გაიტანა, 4 გოლი - ჩემპიონთა ლიგაზე.

რაც შეეხება ბუნდესლიგას, 23-ე ტურში ''შალკე'' შინ ''ლაიფციგთან'' 0:5 განადგურდა. სტუმართაგან მეორე გოლი ვერნერმა შეაგდო. საერთო ჯამში გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები