რეალი აზარის გარეშე: ბელგიელი ელ კლასიკოს გამოტოვებს
Aa
Aa

რეალი აზარის გარეშე: ბელგიელი ელ კლასიკოს გამოტოვებს

ლა ლიგაში ''ლევანტესთან'' დაპირისპირება როგორც მადრიდის ''რეალისთვის,'' ასევე ''სამეფო კლუბის'' ბელგიელი შემტევისთვის, ედენ აზარისთვის უიღბლო გამოდგა. ფეხბურთელმა მოედანი კოჭლობით დატოვა, მთავარი მწვრთნელი ზინედი ზიდანი იძულებული გახდა 67-ე წუთზე 29 წლის მოთამაშე შეეცვალა.

2019 წლის ზაფხულში ედენ აზარი ''ჩელსიდან'' ''რეალში'' გადავიდა და მას შემდეგ მესამედ მიიღო ტრავმა. ''ლევანტესთან'' მარცხის შემდეგ ზიდანმა აღნიშნა, რომ პირველადი ვერსიით ტრავმა  სერიოზულია და აზარი უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს, თუმცა შესაძლოა გამოკვლევამ განსხვავებული დასკვნა დადოს.

აზარს ტრავმის გამო თითქმის სამი თვე გაუცდა, 16 თებერვალს ''სელტასთან'' მატჩში მოედანზე დაბრუნდა, საგოლე პასით გამოიჩინა თავი, თუმცა ''ლევანტესთან'' მიღებული ტრავმის გამო შესაძლოა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს თვალი ტრიბუნიდან ადევნოს.

ესპანური მედიის ცნობით მადრიდულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ''მან. სიტისთან'' შეხვედრა შესაძლოა ბელგიელი ფეხბურთელის გარეშე ჩაატაროს. 26 თებერვალს ზიდანისა და გუარდიოლას სამწვრთნელო დაპირისპირება შედგება, საპასუხო შეხვედრა კი 17 მარტს გაიმართება.

ესპანური მედიის ცნობით დიდი ალბათობით ფეხბურთელი ''ელ კლასიკოს'' გამოტოვებს, პირველ მარტს ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' ''რეალი'' კატალონიის ''ბარსელონას'' უმასპინძლებს. 

შეგახსენებთ, ლა ლიგის 25-ე ტურში ''ლევანტემ'' საკუთარ კედლებში მორალესის ერთადერთი გოლით ''რეალი'' დაამარცხა. ამ მატჩში დაკარგული ქულების გამო ''რეალმა'' ლიდერობა დათმო, ზიდანის გუნდს ''ბარსამ'' 2 ქულით გაასწრო. კატალონიურმა კლუბმა ''ეიბარი'' 5:0 გაანადგურა.

მიმდინარე სეზონში აზარმა ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ლა ლიგაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, ესპანეთის ჩემპიონატში ბელგიელის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები