გიორგი ქინქლაძე, იარი ლიტმანენი, მორტენ ოლსენი, შოთა არველაძე
Aa
Aa

''არჩევანი გულით გავაკეთე და არა ტვინით'' - ქინქი მან. სიტის და აიაქსს იხსენებს

''მან. სიტის'' ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ ინგლისსა და ჰოლანდიაში გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, როცა ''მან. სიტიდან'' ''აიაქსში'' მიდიოდა პრიორიტეტული მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რაც შოთა არველაძესთან ერთად დიდ ევროპულ კლუბში თამაშს გულისხმობდა.

გიორგი ქინქლაძემ საქართველოს საზოგადოებრივ არხზე, გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას საინტერესო თემებზე ისაუბრა.

1996 წლის 5 მაისს ''მანჩესტერ სიტისა'' და ''ლივერპულის'' მატჩი ფრედ დასრულდა, ''ქალაქელები'' პრემიერ ლიგიდან გავარდნენ. 22 წლის ქართველი ტალანტისთვის ეს იყო უკანასკნელი მატჩი, რომელიც მან პრემიერ ლიგაში მანჩესტერული კლუბის რიგებში ჩაატარა.

თვალცრემლიანი ''ქინქი''

პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგ მანჩესტერული კლუბის ქომაგებმა გიორგი ქინქლაძეს წერილით მიმართეს, ისინი ქართველ ვარსკვლავს გუნდში დარჩენას თხოვდნენ.

ქინქლაძე იხსენებს:''როცა ''მანჩესტერ სიტი'' პრემიერ ლიგიდან გავარდა, იმდენად დიდი სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი, რომ გუნდის მიტოვება არ შემეძლო. ფეხბურთი გულშემატკივრებისაა. იმ დროს ტვინით არ მიფიქრია. გავაკეთე ის, რაც გულმა მიკარნახა და ''მანჩესტერ სიტიში'' დავრჩი. ამ გადაწყვეტილებამ ჩემს კარიერაზე იმოქმედა, თუმცა არაფერს ვნანობ. რა თქმა უნდა უფრო მეტი შემეძლო.''

''ქინქი'' ''მანჩესტერ სიტიში'' 1995-98 წლებში ასპარეზობდა. პრემიერლიგაში ''ქალაქელების'' მაისურით მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. 1995-96 წლებში ქინქლაძემ პრემიერლიგის 37 მატჩში 4 გოლი შეაგდო, შემდეგ კი გუნდი არ დატოვა და რანგით მეორე ლიგაში ითამაშა. ამ ფაქტმა ''მანჩესტერ სიტის'' ქომაგთა მხრიდან ქინქლაძისადმი სიყვარული გაზარდა. ქინქლაძე კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

1998 წლის აგვისტოში გიორგი ქინქლაძე ''მანჩესტერ სიტიდან'' მორტენ ოლსენის გაწვრთნილ ამსტერდამის ''აიაქსში'' ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა. ქართველი ფეხბურთელი იარი ლიტმანენის შემცვლელად ესახებოდათ, თუმცა ფინელის ''ბარსაში'' ტრანსფერი ჩაიშალა და ქინქლაძე მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე დააყენეს. როგორც ქინქლაძე ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას აღნიშნავს, ''აიაქსის'' ტაქტიკას ვერ მოერგო და ამიტომ არ გამოვიდა მისი ჰოლანდიური კარიერა წარმატებული.

''მე და შოთის ყოველთვის გვინდოდა დიდ ევროპულ კლუბში ერთად გვეთამაშა. სწორედ ეს იყო ჩემი პრიორიტეტი. ''აიაქსი'' ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა და ვერავინ მეტყვის რატომ წავედი ინგლისიდან ჰოლანდიაში. ეს ჩვეულებრივი მომენტია. როცა ''აიაქსში'' ჩავედი, მორტენ ოლსენს ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ლიტმანენი ''ბარსელონაში'' მიდიოდა და ჩემს პოზიციაზე უნდა მეთამაშა, მაგრამ ლიტმანენი არ წავიდა.

''აიაქში'' კრუიფის შემდეგ ყველაზე დიდი ავტორიტეტი იარი ლიტმანენს ჰქონდა. ამიტომ ოლსენმა სხვა პოზიციაზე დამაყენა. მე ყოველთვის შუაში შესვლა მიყვარდა და ოლსენმა ჩემი ფლანგზე თამაში გადაწყვიტა. მის ტაქტიკას ვერ შევეწყვე.

ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში შესაძლებლობების ამოწურვის შემდეგ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. დრო ძალიან სწრაფად გადის, მწვრთნელთან უსიამოვნება თუ ტრავმა მოთამაშის კარიერას აფერხებს. ამიტომ სწორი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები