ინგლისური კლუბის ქართული პროექტი: ქინქლაძე მან. სიტისთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

ინგლისური კლუბის ქართული პროექტი: ქინქლაძე მან. სიტისთან მოლაპარაკებას აწარმოებს

''მან. სიტის'' ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რაც საქართველოში ''მან. სიტის'' აკადემიის აშენებას გულისხმობს. ამ თემაზე გიორგი ქინქლაძემ საქართველოს საზოგადოებრივ არხზე, გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას ისაუბრა.

გიორგი ქინქლაძე:''მანჩესტერ სიტის'' მფლობელებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ, დიდი სურვილი მაქვს საქართველოში ''მანჩესტერ სიტის'' აკადემია გაიხსნას. ცხადია მოლაპარაკებას სირთულეები მოყვება, ინგლისურ კლუბს მოთხოვნები აქვს. აკადემიის გასაკეთებლად 5 ან 6 ჰექტარი მიწაა საჭირო, სადაც 8 მინდორი იქნება, მათ შორის ხელოვნურსაფარიანი მოედნები. ასევე, 100-150 ნომერზე გათვლილი სასტუმრო, აუზი, ფიტნეს დარბაზი, სკოლა.

თუ ეს შეთანხმება შედგება, ფეხბურთელებმა ''მან. სიტის'' პროგრამით უნდა ივარჯიშონ. ასევე, მწვრთნელები ინგლისში უნდა ჩავიდნენ და სტაჟირება გაიარონ.

ქინქლაძემ ასევე აღნიშნა, რომ აკადემიასთან დაკავშირებით დახმარებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს მთავრობაც გაუწევენ.

არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ინგლისში ხშირად ჩავდივარ. დაახლოებით 2 ან 3-წლიან პერსპექტივაში საქართველოში ''მან. სიტის'' აკადემია აშენდება.

რაც შეეხება მშენებლობისთვის აუცილებელ ფინანსურ მხარეს, აკადემიის მშენებლობისთვის საჭიროა ''მან. სიტის'' ორი ფეხბურთელის წლიური ხელფასი. ცხადია, მშენებლობაში ინგლისური კლუბიც მიიღებს მონაწილეობას.''

''ქინქი'' ''მანჩესტერ სიტიში'' 1995-98 წლებში ასპარეზობდა. პრემიერლიგაში ''ქალაქელების'' მაისურით მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. 1995-96 წლებში ქინქლაძემ პრემიერლიგის 37 მატჩში 4 გოლი შეაგდო, შემდეგ კი გუნდი არ დატოვა და რანგით მეორე ლიგაში ითამაშა. ამ ფაქტმა ''მანჩესტერ სიტის'' ქომაგთა მხრიდან ქინქლაძისადმი სიყვარული გაზარდა. ქინქლაძე კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები