Aa
Aa

ატლეტიკო VS ლივერპული - მატჩის შემდეგ

დღის მეორე მატჩი მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა, სადაც „ატლეტიკომ“ და „ლივერპულმა“ გულშემატკივარს ჩაკეტილი ფეხბურთი შესთავაზეს. ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე, საულ ნიგესმა გაიტანა და „ათლეტებს“ მშრალი ანგარიშით მოაგებინა.

მატჩის შემდეგ „ლივერპულს“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა დიეგო სიმეონემ, მისმა ვიზავიმ კი მიანიშნა, რომ მადრიდელებს „ენფილდზე“ რთული საღამო ექნებათ.

დიეგო სიმეონე: „ისინი სახიფათოდ გვიტევდნენ და შანსებიც ჰქონდათ. თუმცა, ვიტყოდი, რომ ჩვენი მოგება მაშინ დაიწყო, როცა მოედანზე ამ საოცარი ატმოსფეროს ფონზე გამოვდიოდით. ასევე ვხედავდი ჩემს ფეხბურთელებს, რომელთაც მიზნის სჯეროდათ.

ეს ჩვენთვის საუკეთესო საღამო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ტიტული არ მოგვიგია. თუმცა, არსებობს მომენტები, რომელთაც ვერასდროს დაივიწყებ. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩვენს გონებაში კიდევ ერთი ასეთი დაგვემატა.

აქ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ჩამოვიდა და ჩვენ მათი დამარცხება შევძელით. მეორე მხრივ, ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა და ბრძოლა წინაა“.

იურგენ კლოპი: „ვფიქრობ, მსაჯს ტრიბუნებიდან შექმნილ ატმოსფეროსთან შეგუება და თამაშში სათანადოდ შესვლა გაუჭირდა.

ჩვენი გუნდის თამაშით იმედგაცრუებული არ ვარ. ამაზე უარესად ჩატარებული შეხვედრებიც მინახავს. განსაკუთრებით მატჩის ბოლო ნახევარ საათში საკმარისად კარგად ვერ ვმოქმედებდით.

ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო და 0:1-ს ვაგებთ. ჩვენ არ დავცემულვართ და არც ტურნირიდან გავვარდნილვართ. სანამ ჩვენ 11 ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც „ლივერპულის“ მაისური აცვია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ატლეტიკოს“ ყველა გულშემატკივარს, ვისაც გასვლითი მატჩის ბილეთი აქვს, ვეტყვი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ენფილდზე“.

გუნდები საპასუხო შეხვედრას 11 მარტს, ლივერპულში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები