Aa
Aa

Sport - ბარტომეუ „ბარსელონას" ფეხბურთელებს შეხვდა

კატალონიური გამოცემა Sport-ის ცნობით „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსს, ხერარდ პიკესა და სერხი რობერტოს შეხვდა. „ბლაუგრანას“ პირველი პირი ფეხბურთელებს Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ გაესაუბრა, რომლის მიხედვითაც მან კომპანია, I3 Ventures-ი დაიქირავა, რათა სოციალურ ქსელებში თავისი და დირექტორთა საბჭოს რეპუტაცია დაეცვა და საჭიროებისამებრ ოპონენტები ან „ბარსას“ მოთამაშეები გაეკრიტიკებინა.

„ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა ფეხბურთელებს კლუბისა და კომპანიის მიმოწერა აჩვენა და განუცხადა, რომ „ბარსელონამ“ I3 Ventures-თან თანამშრომლობა შეწყვიტა. გარდა ამისა, ბარტომეუმ „ბარსას“ ოთხი კაპიტანი დაარწმუნა, რომ კლუბს კომპანიისთვის კრიტიკული და დამცინავი შინაარსის პოსტების გამოქვეყნება არ დაუვალებია.

Sport-ის ცნობით, „ბარსელონას“ ფეხბურთელები მიღებული ახსნა-განმარტებით კმაყოფილები არიან, ხოლო „ბლაუგრანას“ პირველ პირს იმედი აქვს, რომ მოთამაშეებთან შეხვედრის შემდეგ, ვითარება განიმუხტება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი Cadena SER-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ესპანური პრესისგან ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები