Aa
Aa

Laureus Awards - ისტორიაში პირველად ჯილდო ორ სპორტსმენს ერთდროულად გადაეცა

ბერლინში Laureus Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და ისტორიული ფაქტის მოწმენიც გავხდით.

აღნიშნული პრიზის ისტორიაში პირველად, წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის წოდება ერთბაშად ორ ადამიანს მიენიჭა - ლიონელ მესისა და ლუის ჰემილტონს. მესიმ გასულ სეზონში „ოქროს ბურთი“ და ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო, ჰემილტონმა კი ფორმულა 1-ის ჩემპიონობა რიგით მეექვსედ იზეიმა.

ბრიტანელი პილოტი ცერემონიას თავად ესწრებოდა და პრიზიც პირადად ჩაიბარა, არგენტინელმა ფეხბურთელმა კი ბერლინში მყოფ საზოგადოებას ვიდეოს მეშვეობით მიმართა და გამორჩევისთვის მადლობა გადაუხადა. მესიმ გასულ წელს „ოქროს ბურთისა“ და ფიფა-ს წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება ასევე მეექვსედ მიიღო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი დაასახელეს, რომელმაც ეს წოდება ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ დაიმსახურა. 22 წლის ბეილსმა გასულ წელს შტუტგარტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი 5 სხვადასხვა დისციპლინაში მოიპოვა.

წლის საუკეთესო ნაკრები სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო თასი ისტორიაში მესამედ მოიგო.

ცხელი ამბები