Aa
Aa

"ვის არ ენდომება „ბარსელონაში“ თამაში?“ - ვინ გამოირიცხა და ვინ დარჩა სიაში

„ბარსელონამ“ უსმან დემბელეს ტრავმის სირთულე და მისი მოედანზე დაბრუნების დეტალები დააზუსტა, რომელიც 5 თვეზე მეტია, რაც კატალონიელებს ლა ლიგაში 1 შიდა ტრანსფერის განხორციელების უფლებას აძლევს.

„ბარსას“ მთავარი სამიზნე „სოსიედადის“ 28 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ვილიან ჟოზე იყო, თუმცა სან სებასტიანელებმა მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მოითხოვეს და გარიგება ჩაიშალა.

ამჟამად „ბლაუგრანას“ სიაში „ალავესის“ ფორვარდი ლუკას პერესი, „ბეტისელი“ ლორენ მორონი, „სარაგოსას“ ახალგაზრდა ლიდერი ლუის სუარესი და „ხეტაფეს“ ვეტერანი ფორვარდი ანხელ როდრიგესი არიან.

ESPN წერს, რომ „ბარსელონას“ 12 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა ამჟამად არ შეუძლია, რაც ცოტათი უცნაურია. თუ, ეს ინფორმაცია ზუსტი გამოდგა, „ბარსა“ „ხეტაფეს“ 32 წლის ცენტრფორვარდს ანხელ როდრიგესს შეიძენს, რომლის გამოსასყიდი 10 მილიონ ევროს შეადგენს. ამას თავად მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ანხელ ტორესი სრულიად შესაძლებელს უწოდებს.

„მე ანხელს უარს ვერ ვეტყვი გადავიდეს ისეთ ტოპ კლუბში როგორიც „ბარსელონაა“. თქვენ „ბარსელონას“ ვერ ეტყვით არას. მათთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება.

ჯერჯერობით არანაირი შემოთავაზება ან რაიმე მსგავსი არ გამიგია, რომ ისინი ანხელ როდრიგესის შესაძენად ემზადებიან. საერთოდაც არამგონია „ბარსამ“ არჩევანი საბოლოოდ ჩვენს ფორვარდზე შეაჩეროს, თუმცა შაბათს ჩვენ მატჩი გვაქვს და შევხვდებით, ვინ იცის, შესაძლოა სიურპრიზიც იყოს, მაგრამ მე მაინც არ ვფიქრობ მათ ანხელის შეძენა გადაწყვიტონ.

მე მას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მშვიდად თამაში და გოლების გატანა გააგრძელოს, შემდეგ რა მოხდება ამას ერთად ვნახავთ. ვის არ ენდომება „ბარსელონაში“ თამაში?“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ფორვარდის შესაძენად სულ 3 დღე აქვს. თუ, კატალონიელები ვინმეს დაიმატებენ, მას თამაში მხოლოდ ლა ლიგის ეგიდით შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები