Aa
Aa

რონალდო ბარსაზე: "კონტრაქტს ხელი მოვაწერე, 5 დღეში კი დამირეკეს და"...

ლეგენდარულმა რონალდო ლუის ნაზარიომ „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ ისაუბრა. „ფენომენის“ განცხადებით „ბლაუგრანას“ დატოვება არ სურდა, თუმცა კლუბმა მისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო.

„სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელი მოვაწერე და ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე გავემგზავრე. 5 დღის შემდეგ მათ დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულების გაგრძელებას ვერ შევძლებდი.

ასე რომ, ჩემი ინიციატივით არაფერი მომხდარა, ყველაფერი მათ ხელში იყო. იმ მომენტში კლუბში დარჩენა მსურდა“.

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი „ბარსას“ მაისურით 1996-97 წლებში თამაშობდა და იმ სეზონის პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 37 მატჩში 34 გოლი შეაგდო. კატალონიელებმა იგი მილანის „ინტერში“ გაყიდეს, რისთვისაც მაშინ სარეკორდო თანხა - 27 მილიონი ევრო მიიღეს.

დიეგო მარადონას შემდეგ, „ფენომენი“ მე-2 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სატრანსფერო თანხის რეკორდი 2-ჯერ დაამყარა. იქამდე „ბარსამ“ მის სანაცვლოდ 19.5 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ასევე იმდროინდელი მსოფლიო რეკორდი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები