გოლი 20 სხვადასხვა სტადიონზე - რამოსის მორიგი სუპერშედეგი, ნამდვილად მცველია?!..
Aa
Aa

გოლი 20 სხვადასხვა სტადიონზე - რამოსის მორიგი სუპერშედეგი, ნამდვილად მცველია?!..

სერხიო რამოსი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მცველია. ესპანეთის მასშტაბით, ფაქტობრივად, ყველა სტადიონზე გაუტანია, თუმცა არის ორი გამონაკლისიც...

"რეალის" კაპიტანმა ლა ლიგის გასულ ტურში "ოსასუნას" კარი აიღო. ქვემოთ გთავაზობთ რუკას, რომელზეც აღნიშნულია, რომელი გუნდის სტადიონებზე რამდენი გოლი გაუტანია 33 წლის ვარსკვლავს. ყვითელი აღნიშვნა სამ გოლს გამოხატავს, ცისფერი - ორ გოლს, ხოლო წითელი - ერთს.

როგორც ხედავთ, რამოსმა, ლა ლიგის ეგიდით, გასვლაზე სულ 28 გოლი შეაგდო, მათგან ყველაზე მეტჯერ "სევილიას" გაუტანა (3-ჯერ), 2-2-ჯერ "ბარსელონას", "ესპანიოლის", "ლევანტეს", "ვალენსიას", "მალიორკასა" და "ხეტაფეს" კარი აიღო, დანარჩენ 14 სტადიონზე კი თითო ბურთი მიითვალა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის კლუბთაგან, იმავე ლა ლიგის ეგიდით, რამოსს მხოლოდ ორი მათგანის სტადიონზე არ გაუტანია - დე ლა სერამიკა (ვილიარეალი) და ლოს კარმენესი (გრანადა).

ზოგადად, რამოსს კარიერაში 113 გოლი აქვს გატანილი, რაც ფეხბურთის ისტორიაში, მცველებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ გამორჩეული რონალდ კუმანია, რომელმაც მეტოქეთა კარში 253 ბურთი შეაგდო (იხ. ბლოგი - 12 ყველაზე შედეგიანი მცველი ფეხბურთის ისტორიაში).

  

გარდა ამისა, ვთქვათ, რომ გუშინდელი მატჩი სერხიოსთვის განსაკუთრებული იყო. მან "სამეფო კლუბის" მაისურით ესპანეთის მთავარ ლიგაში 440-ე შეხვედრა ჩაატარა, რა კუთხითაც ის მხოლოდ მე-5 ფეხბურთელია.

რამოსმა 439-მატჩიან ფერნანდო იეროს გადაასწრო, სანტილიანას (461), იკერ კასილიასს (510), მანუელ სანჩისსა (523) და რაულს (550) კი თავად ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები