Aa
Aa

"განსაკუთრებული საღამო იყო" - კონტე საკუთარი გუნდის "ქამბექზე"

„დერბი დელა მადონინას“ ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულებით შემდეგ, „ინტერის“ თავკაცმა, ანტონიო კონტემ, შეხვედრა მედიასთან შეაფასა.

„კონტისიმეს“ შეგირდებმა თანაქალაქელ „მილანს“ თამაში 0:2-დან მოუტრიალეს და 4:2 მოუგეს. „ნერაძურის“ დამრიგებელმა გუშინდელ საღამოს განსაკუთრებული უწოდა.

„თავად ნახეთ, როგორი რთული პირველი ტაიმი გვქონდა, ალბათ, ყველაზე რთული, რაც ამ სეზონში ჩაგვიტარებია. მართლაც, იყო საფრთხე, რომ გუნდი გატეხილიყო, თუმცა ბალანსის შენარჩუნება შევძელით და თამაში გავაუმჯობესეთ. ვიცოდით ჩვენი მიზანი, მისკენ სვლა არ შეგვიწყვეტია და არც რწმენა დაგვიკარგავს. ნამდვილად განსაკუთრებული საღამო იყო.

შედეგის გარდა, ბედნიერი ვარ იმით, რომ დავინახე თუ როგორ გაუძლეს ჩემმა ბიჭებმა დარტყმას და სიტუაციის სათავისოდ შეტრიალება შეძლეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა რაღაც-რაღაც ოცნებებზე საუბარი, თუმცა ჩვენ უფლება გვაქვს, ვიოცნებოთ“. - განაცხადა 50 წლის სპეციალისტმა.

„შავ-ლურჯთა“ მხრიდან გოლები ბროზოვიჩმა, ვესინომ, დე ვრაიმ და ლუკაკუმ გაიტანეს, იქამდე კი „მილანის“ შემადგენლობაში თავი რებიჩმა და იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინეს.

კონტეს გუნდმა „იუვენტუსის“ მარცხით ისარგებლა და მას ქულებით გაუთანაბრდა. ლიდერებს 1 ქულით „ლაციო“ ჩამორჩება, რომელსაც „ინტერი“ შემდეგ ტურში, რომში შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები