Aa
Aa

გუარდიოლა: „თუ აზარი ცუდად თამაშობს, ე.ი რეალში რაღაც ხდება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ედენ აზარისა და ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბის“ სუპერვარსკვლავს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა: „ედენ აზარი შესანიშნავი ფეხბურთელია და თუ ის ცუდად თამაშობს, ე.ი რეალში რაღაც ხდება.

ბელგიელს ტოპ კლასის მოთამაშეს ვერ ვუწოდებთ, რადგან ის უფრო მაღალ დონეზე დგას. ინგლისში ნანახიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზარი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, თუმცა ყველამ იცის, რომ ახალ გუნდთან ადაპტაციას დრო სჭირდება.

ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, რამდენიმე წლის წინ სიტი იყო გუნდი, რომლის მთავარი მიზანი პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება გახლდათ. შემდეგ კლუბი ახალი მფლობელის ხელში გადავიდა და გასულ დეკადაში ინგლისის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა.

ერთადერთი ტიტული, რომელიც სიტის ჯერ არ დაუსაკუთრებია ჩემპიონთა ლიგაა და მესმის კლუბის ქომაგებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება რომ უნდათ. მე მათი სურვილის ასასრულებლად მაქსიმუმს გავაკეთებ და თუ წლეულს არაფერი გამოვა, მათ გახარებას გაისად შევეცდები. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე დარჩენა, მსოფლიოს დასასრულს არ უდრის“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „სიტი“ სწორედ ედენ აზარის „რეალს“ დაუპირისპირდება. „ქალაქელები“ პირველ შეხვედრას სტუმრად, 27 თებერვალს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები